სომხეთის ექს-პრეზიდენტმა მთავრობის სახლი დატოვა

სომხეთის ექს-პრეზიდენტმა მთავრობის საცხოვრებელი რეზიდენცია დატოვა, რომელშიც გადადგომის შემდეგ ისევ ცხოვრობდა.

სერჟ სარგსიანი სოფელ ძორაღბიურში გადავიდა. სოფელი ერევნიდან რამდენიმე კოლომეტრში, კოტაიქის ოლქში მდებარეობს. სომხური მედიის ცნობით იქ სარგსიანის სიძის – მიქაელ მინასიანის აგარაკია. ძორაღბიური სომხეთში ცნობიალია, როგორც სოფელი ელიტური აგარაკებით.

სერჟ სარსგიანის საცხოვრებელთან დაკავშირებული საუბარი ჯერ კიდევ რევოლუციამდე დაიწყო. მიმდინარე წლის მარტში, კარენ კარაპეტიანის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანისთვის ის სახელმწიფო სახლი გადაეცა, რომელშიც მანამდე თავად ცხოვრობდა.

თუმცა, სერჟ სარგსიანმა კუთვნილ საცხოვრებელ ფართზე უარი თქვა. მას ამ დროს უკვე პრემიერის სტატუსი ჰქონდა – ის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში რჩებოდა. სარგსიანმა განაცხადა, რომ მისთვის კუთვნილი პრივილეგიით მაშინ ისარგებლებს, როდესაც მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება ამოიწურება. მაგრამ აპრილის ბოლოს ის უკვე გადადგა.

ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ პრემიერ-მინისტრად არჩეულმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სერჟ სარგსიანისთვის, როგორც სომხეთის მესამე პრეზიდენტისთვის, საჭიროა ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო საცხოვრებელი ფართის გამოყოფა. თუმცა, ამ განცხადების შემდეგ სომხეთის მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ სერჟ სარგსიანმა ყველა შეთავაზებულ ვარიანტზე უარი განაცხადა.

წყარო: jam-news.net