სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტმა) პირველი მოსმენით მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომლის ძალითაც, სავარაუდოდ, ციხიდან გამოუშვებენ რადიკალური ჯგუფის, “სასნა ცრერის” წევრებს.
105-დან 72-მა პარლამენტარმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს. მეორე მოსმენა 1 ნოემბერსაა ჩანიშნული.
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არტაკ ზეინალიანმა განაცხადა, რომ ამნისტია სხვადასხვა კუთხით ათასობით ადამიანს შეეხება.
მისი ცნობით, უშუალოდ პატიმრობიდან გათავისუფლდება 660 ადამიანი.
ზოგიერთ მსჯავრდებულს შეუმცირდება მოსახდელი წლების რაოდენობა. ზოგიერთ შემთხვევაში კი შეჩერდება ისეთი საქმეების წარმოება, რაც დასრულებული არ არის.
ამჟამად სომხეთის ციხეებში 2 900-მდე მსჯავრდებული იხდის სასჯელს.
ამნისტია შეეხება რადიკალური დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრებსაც. ეს ის ჯგუფია, რომლებმაც 2016 წლის ზაფხულში ერევნის ერებუნის რაიონში 2 კვირით აიყვანეს პოლიციელები მძევლად. მათი მოთხოვნა იყო, გაეთავისუფლებინათ მოძრაობა “დამფუძნებელი პარლამენტის” ლიდერი ჟირაირი საფილიანი. მოვლენები ცნობილია ერევნის კრიზისის სახელით.
ამნისტია არ ეხება მძიმე დანაშაულებს.
ამნისტიის კანონის მიღება ერევნის დაარსების 2800-ე და სომხეთის პირველი რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავს დაამთხვიეს.
netgazeti.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021