დავით ზალკალიანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დავით ზალკალიანმა თურქ კოლეგას თურქეთის რესპუბლიკის დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი შეხვედრის მასპინძლობისთვის. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ამ ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამი ქვეყნის კავშირების გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, სატრანსპორტო კავშირები და სხვა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საპრეზიდნეტო არჩევნების პირველი ტურის ჩატარება მიულოცა, მისი შეფასებით ამ არჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი ერთგულება დემოკრატიული ფასეულობების და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისადმი.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქ.სტამბოლში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატის შეხვედრაში, ასევე დავით ზალკალიანი დაესწრება სტამბოლის ახალი, საერთაშორისო აეროპორტის გახსნის საზეიმო ცერემონიას.