მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ალიქ მედია შეეცადა გაერკვია როგორია საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამა ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში.
ზოგიერთი კანდიდატი უმცირესობის წარმომადგენლებს ჰპირდება, რომ მაქსიმალურად შეეცდება ქვეყნის მმართვის პროცესში მათ ჩართულობას, ხოლო ნაწილი ეთნიკურ კონფლიქტებს იღებს საფუძვლად, არიან კანდიდატები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების ენებზე საუბრობენ და ამგვარად ცდილობენ მათი ხმების დამსახურებას.
“სამწუხაროდ, ეთნიკური უმცირსობები პოლიტიკისებს წინასაარჩევნო პერიოდში, საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახსენდებათ. ბოლო 20 წლის განმავლობაში არჩევნებამდე ყოველ ჯერზე ყველა კანდიდატი იწყებს გააქტიურებას, დაპირებების მიცემას, მაგრამ შემდეგ არაფერს აკეთებენ”, – ალიქ მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა თბილისში სომეხმა საზოგადო მოღვაწემ ლევონ ჩიდილიანმა. მისივე თქმით, ეროვნული უმცირესობები ამ პერიოდში “ინსტრუმენტი ხდება და არა ფაქტორი.”
საქართველოში აზერბაიჯანული სათვისტომოს წარმომადგენელი, “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის” ხელმძღვანელი ზაურ ხალილოვი ალიქ მედიასთან საუბრის დროს ამბობს, რომ კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამა ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ილუზიურია.
“ოდესმე გინახავთ რომელიმე კანდიდატის პროგრამა? არჩევნების წინ კანდიდატები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონს თუ ესტუმრებიან, ისინი სისულელებს ამბობენ, უკეთესი იქნება, რომ არაფერი არ თქვან,”- ამბობს ხალილოვი.
წარმოგიდგენთ რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატის მოსაზრებას არჩევნებზე ეთნიკური უმცირესობების როლთან დაკავშირებით.
დავით უსუფაშვილი, რომელსაც მხარს უჭერენ “შენების მოძრაობა”, “ეროვნული ფორუმი“ და “თავისუფალი დემოკრატები”.
“ჩემთვის, როგორც მოქალაქისა და პოლიტიკოსისთვის, მთავარი ღირებულებები არის ადამიანი, მისი თავისუფლება და უფლებები. ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება სჭირდება ადამიანთა იმ ჯგუფებს, ვისაც დამატებითი დაბრკოლებების გადალახვა უწევთ საკუთარი უფლებების რეალიზებისთვის. ეროვნულ, რელიგიურ და სხვა უმცირესობებს სწორედ ასეთი, თითქმის გარდაუვალი, დაბრკოლებები ექმნებათ და სწორედ ამიტომაა მათზე მეტი ზრუნვა აუცილებელი”.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
“საქართველო მულტიეთნიკური ქვეყანაა. ხშირად ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით. საქართველოში ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, თანასწორია სამართლის დონეზე, თუმცა პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით ჩაგვრას, უთანასწორობას, დისკრიმინაციას, რისი მაგალითებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომატებულია. ამ პრობლემების მოგვარებისთვის და რეალური თანასწორობის მისაღწევად, აუცილებელია ინტენსიური მუშაობა. ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა უნდა იყოს. რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ყველა წარმომადგენელმა თავი ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ უნდა იგრძნოს. ამისთვის კი აუცილებელია მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა. უსათუოდ უნდა გაძლიერდეს ქართული ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რათა გამარტივდეს მათი ინტეგრაციის პროცესი. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს პროგრამა ,”ოთხს პლუს ერთი”, რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება. ამ პროგრამით ათასობით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს მიეცა საშუალება უმაღლესი განათლება მიეღო”.
ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი.
“ყველა რელიგიური, ეროვნული და სექსუალური უმცირესობა თანასწორია კანონის წინაშე და მათი უფლებები ისევე იქნება დაცული, როგორც უმრავლესობის”.
“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
“საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს ელემენტარული ქართული და საქართველოს ისტორია. ქვეყანამ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ინტეგრაცია და სახელმწიფო ენის შესწავლა უნდა უზრუნველყოს”, – ეს მან სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.