დონალდ ტრამპის პირადმა იურისტმა, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა რუდოლფ ჯულიანმა, 22 ოქტომბერს, ერევანში წიწერნაკაბერდის მემორიალი და მუზეუმი მოინახულა. წიწერნაკაბერდის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკელმა სტუმარმა, 1915 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ხე დარგო.
არმენპრესის ინფორმაციით ტრამპის პირადმა იურისტმა გენოციდის მუზეუმი დაათვალიერა და მემორიალურ წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
“სომხების გენოციდი არ უნდა დავივიწყოთ, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ეპოქაშიც მსგავსი საშინელი ტერორისტული აქტები შეიძლება განმეორდეს. გენოციდის აღიარება ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი არაადამიანური მოპყრობის თავიდან აცილებას.”
რუდოლფ ჯულიანი სომხეთში იმყოფება რუსეთის სომხური კავშირის პრეზიდენტის, იუნესკოს კეთილი ნების ელჩის, არა აბრაჰამიანის მოწვევით ევრაზიის თანამშრომლობის საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.
ჯულიანი ასევე ცნობილია, როგორც დონალდ ტრამპის არაფორმალური მრჩეველი კიბერუსაფრთხოების საქმესთან დაკავშირებით.