სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, ჟურნალისტი და გაზეთ “ჰაიკაკან ჟამანაკის” რედატორი, ანნა ჰაკოპიანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჩავიდა და კონფლიქტის ყველა მხარეს მშვიდობისკენ მოუწოდა.
“მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე და იმ ქვეყნებს მოვუწოდებთ, რომლებიც პრობლემასთან კავშირში არიან, 18-20 წლის სომეხი და აზერბაიჯანელი ჯარისკაცების სიცოცხლე არ შეიწირონ. კონფლიქტის მოუგვარებლობის ფონზე ასობით ოჯახის ბედს წყვეტენ. მოვუწოდებთ, რომ უარი თქვან კონფლიქტის მოგვარების სამხედრო პროცესებს და საკითხი მოაგვარონ მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით”, -განაცხადა ანნა ჰაკობიანმა.
კონფლიქტის ზონაში მასთან ერთად იყვნენ ასევე რუსეთიდან მისი მიწვევით ჩასული ქალები – სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებიც ანნა ჰაკოპიანის ინიციატივას “ქალები მშვიდობისთვის” შეურთდნენ.
პრემიერის მეუღლემ რუს ქალებს მოუწოდა, ჩავიდნენ აზერბაიჯანშიც და იქიდანაც მშვიდობა მოუწოდონ.
ქალებთან ერთად კონტაქტის ხაზზე მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი ბაკო საჰაკიანი და თავდაცვის მინისტრი ლევონ მნაცაკანიანიც იდგნენ.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.