Latest posts by Aliq Media (see all)
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, “1+4 პროგრამის” მონაწილეებისთვის სტაჟირება 8 ოქტომბრიდან გამოცხადდება. როგორც „ალიქ მედიას“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, 2018 წლის შემედგომის მიღებისათვის ვაკანტური 500 ადგილია.
უწყების ცნობით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ პროექტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაერო-ს ასოციაციასთან და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან ერთად ახორციელებს. მისი მიზანია ახალგაზრდების დასაქმების წახალისება, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
პროექტი სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივით, 2017 წლიდან ხორციელდება.
„1+4 პროგრამით“ მოსარგებლე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფო უწყებებში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, სტაჟირება მათთვის საინტერესო მიმართულებით გაიარონ.
როგორც მინისტრის აპარატში აცხადებენ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სტაჟირების პროცესში, კონკურსის საფუძველზე, 8 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან. განაცხადების მიღება 22 ოქტომბრამდე გასტანს. დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე უნდა იხილონ.
სპეციალურად შექმნილი კომისია სტაჟიორებს შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით შეარჩევს. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გაივლიან.