სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის განკარგულებით “სომხეთის რევოლუციური ფედერაცია – დაშნაკცუთიუნის” და ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანის პარტია “აყვავებული სომხეთის” 6-მა მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
კერძოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი აშოტ ჰაკობიანი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი არწვიკ მინასიანი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევონ ვაჰრადიანი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი ჰრაჩია როსტომიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ართურ ხაჩატრიანი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ართურ გრიგორიანი.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც სომხეთის “რესპუბლიკურმა პარტიამ” საგანგებო სხდომა მოიწვია და მეორე მოსმენით მიიღო კანონი რეგლამენტში ცვლილებების შესახებ, კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა, პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის მოთხოვნით, პარლამენტს ალყა შემოარტყეს.
აღვნისნოთ ასევე, რომ აქციის ფონზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წერილობითი ფორმით მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს პარტიების “სომხეთის რევოლუციური ფედერაცია – დაშნაკცუთიუნის” და ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანის “აყვავებული სომხეთი” მინისტრების თანამდებობიდან დათხოვნით. სომხეთის პრემიერმა ამასთან დაკავშირებით განკარგულებას პარლამენტის შენობასთან მოაწერა ხელი, სადაც რამდენიმე ათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ეს განკარგულება ძალაში შევა, თავადაც დატოვებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. თუმცა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.
ფაშინიანს, რომელსაც პარლამენტში მხარდამჭერების სიმრავლე სჭირდება, სურს რომ არჩევნები დეკემბერში გაიმართოს.
ფაშინიანის თქმით, თუკი პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს არ აირჩევს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.