ფაშინიანი: მთიანი-ყარაბაღი ვერ იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში – თუ ვინმეს სომეხი ერის ახალი გენოციდის მოწყობა არ სურს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ნიკოლ ფაშინინმა, სიტყვით გამოსვლის დროს, სომხეთის ხავერდოვან რევოლუციასა და ახალი მთავრობის არაძალადობრივი გამარჯვების შესახებ ისაუბრა. ფაშინიანის თქმით, სომხეთში შეიქმნება ახალი პოლიტიკური მმართველობის სისტემა, რომელსაც ის ხალხის მთავრობას უწოდებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონალური თანამშრომლობის დამყარება და ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება სომხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის პრიორიტეტია და აზერბაიჯანს ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

“მთიანი-ყარაბაღი ვერ იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში – თუ რა თქმა უნდა, ვინმეს სომეხი ერის ახალი გენოციდის მოწყობა არ სურს. კონფლიქტი შეიძლება მხოლოდ ორმხრივი კომპრომისების და არა ომის გზით დარეგულირდეს,”- განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერი ამბობს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მთავარი მიზანი ყარაბაღის ტერიტორიის დაბრუნებაა და არა იქ მცხოვრები ადამიანების.

“აზერბაიჯანი ნებისმიერი საბაბით აცხადებს რომ ყარაბაღი მისი ნაწილი უნდა იყოს. ამასთან, აცხადებს, რომ მთიან-ყარაბაღთან დიალოგი არ სურს. პრობლემა იმაშია, რომ აზერბაიჯანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს ყარაბაღზე ისე, რომ მასთან საუბარის სურვილიც არ ჰქონდეს.
ეს შესაძლებელია? ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აზერბაიჯანის ხელისუფლებას აინტერესებს არა ადამიანები, არამედ უშუალოდ ყარაბაღის ტერიტორია. ამგვარად, ნათელი ხდება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების სწრაფვაა ყარაბაღის “წმენდა” სომხებისგან, როგორც ეს ნახიჯევანში მოხდა”, – განაცხადა ფაშინიანმა.

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ჩვენი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის პრიორიტეტია. კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის ნებისმიერი მცდელობა წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს რეგიონის უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის. სომხეთი გააგრძელებს კონსტრუქციულ მონაწილეობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაში, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მანდატის ფარგლებში. აზერბაიჯანმა უნდა შეცვალოს ქმედებები, რომლებიც მოლაპარაკებების უპატივცემულობაში გამოიხატება. დაივიწყოს სამხედრო გადაწყვეტილების იდეა და შეასრულოს ყველა წინა შეთანხმება,” – აღნიშნა პრემიერმა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზად არის, თანაბრად ითანამშრომლოს ყველა პარტნიორთან რეგიონულ თუ გლობალურ დონეზე.