Latest posts by Aliq Media (see all)
საგამოძიებო კომიტეტის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავრი სამმართველოს თანამშრომლებმა ონლაინ გამოცემა „YerevanToday“-ის რედაქციაში ჩხრეკა ჩატარეს.
უწყების პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ ჩხრეკა უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ეროვნული უშიშროების სამსახურისა და საგანგებო საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსნების საუბრების ფარული ჩანაწერების ფაქტზეა აღძრული.
მაღალჩინოსანთა ფარულად ჩაწერილი საუბრის აიუდიოვერსია ინტერნეტში 5 სექტემბერს გავრცელდა, თუმცა საზოგადოების მძაფრი ყურადღება 11 სექტემბერს მიიპყრო. მასში ჩინოვნიკები განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ეხება.
აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებისთანავე, საგანგენგებო განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. მისი თქმით, ის ვინც, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსანთა ტელეფონებს ფარულად ისმენს, სამშობლოს მოღალატეა და მოითხოვა, რომ სასწრაფოდ დადგინდეს, თუ ვინ არის ამ ჩანაწერების გაკეთების ორგანიზატორი.
გამოცემა „YerevanToday“-მ უკვე გაავრცელა განცხადება ჩხრეკასთან დაკავშირებით:
„ჩხრეკა იმის საფუძველზე ტარდება, რომ თითქოსდა Yerevan Today-მ მაღალჩინოსანთა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი სხვა მედიებზე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა. ამგვარი მტკიცებულებისას სამართალდამცავები Google-ში ძიების შედეგებს ეყრდნობიან. არადა, „Yerevan Today“-მ საუბრის ჩანაწერი იგივე საათებში გამოქვეყნდა, რაც დანარჩენმა სომხურმა მედიარესურსებმა.
აშკარაა, რომ ეს Google-ის საძიებო სისტემის პრობლემაა. ექსპერტებმა უკვე აღნიშნეს, რომ Google-ის სისტემაში შეფერხებები წარმოიშვა“.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში, თავის მხრივ, განმარტავენ რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩხრეკა რამდენიმე მისამართზე ტარდება.
სოციალური ქსელების მომხმარებლები წერდნენ, რომ გამოცემა “YerevanToday“- მ საუბრის ჩანაწერი უფრო ადრე გამოაქვეყნა, ვიდრე მას ქსელში გამოაქვეყნებდა უცნობი მომხმარებელი, რომელსაც ახლა სპეცსამსახურები ეძებენ.
მომხმარებლებმა ამავდროულად გამოაქვეყნეს Google-ის ქეშირებული გვერდები, სადაც პუბლიკაციის გამოქვეყნების თარიღი ჩანს.
„YerevanToday“ -ს რედაქცია ირწმუნება, რომ ეს დეზინფორმაციაა.
ამავდროულად სომხური მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ გამოცემა „Yerevan Today“ სომხეთის ექს-პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს ეკუთვნის და ამის დასადასტურებლად ის ფაქტი მოჰყავთ, რომ თავისი ბოლო ინტერვიუ მან სწორედ ამ გამოცემას მისცა. თავად ქოჩარიანი ამ ინფორმაციას უარყოფს.