Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთში უახლოესი არჩევნები 2018 წლის 23 სექტემბერს არის დანიშნული. ერევნის მაცხოვრებლები ერევნის უხუცესთა საბჭოს რიგგარეშე არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება ქვეყნის კანონმდებლობაში სასწრაფო ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა.
სომხეთში ამომრჩევლების მოსყიდვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და ზოგიერთ ამომრჩეველს, საკუთარი ხმის სანაცვლოდ, რაიმეს მოთხოვნის ჩვევაც კი გაუჩნდა. ისინი, ვინც მათ გადაბირებას ცდილობს, ქუჩებზე ასფალტს აგებენ, ამომრჩევლებს მაღაზიებში ვალებს უფარავენ და მათ გარკვეული ოდენობის თანხებს უხდიან.
ახალი მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა, წინასაარჩევნო ქრთამების აღმოფხვრის პირობას დებს. სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად მთავრობამ 30 აგვისტოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესუალურ კოდექსებში, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მიიღო.
კანონპროექტი დასამტკიცებლად სასწრაფოდ გაეგზავნა პარლამენტს, რომელმცა უმოკლეს ვადებში ერთხმად დაამტკიცა.
კანონის თანახმად, წინასაარჩევნო პროპაგანდის პერიოდში, არჩევნების დღეს ან წინა დღეს კანდიდატების, პარტიებისა და ბლოკების მხრიდან ამომრჩევლის ფულით, საკვები პროდუქტებითა და ძვირფასი ნივთებით მოსყიდვისთვის პასუხისმგებლობა ცვლილებების შეტანამდეც გათვალისწინებული იყო; პასუხისმგებლობა იგულისხმებოდა ასევე ამ სიკეთეებისა და სამსახურის გაწევის დაპირებისთვის, მათ შორის, ქველმოქმედების მიზნითაც.
მათთვის, ვინც ადამიანების არჩევანის უფლების გამოხატვას ან არჩევენების ორგანიზაციაში მონაწილეების მხრიდან თავიანთი უფლებამოსილების აღსულებას ხელს უშლიდა, წინათ ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა იყო გათვალისწინებული. საარჩევნო დარღვევებისთვის გამკაცრებული საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ გათვალისწინებულია ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან 2,5-3 მილიონი დრამის ($5175 — 6210) ოდენობის ჯარიმა.
არჩევნების ან კენჭისყრის შედეგების გაყალბება ადრე ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე, ცვლილებების შემდეგ იგივე დანაშაულისთვის ოთხიდან რვა წლამდე ციხეს. ამავდროულად კრიმინალიზებულია ამომრჩევლის მხრიდან ქრთამის აღებაც.
სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, არჩევნებსა და რეფერენდუმებზე ხმის მიცემა ფარულად ხდება. ამიტომაც არსებობს შეთავაზება, რომ საკუთარი ბიულეტენის გამომქვეყნებელი ამომრჩევლები დააჯარიმონ. 100-დან 200-მდე მინიმალური ხელფასებიდან ჯარიმა გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველს ბიულეტენზე აღნიშვნების გამოქვეყნებას სთხოვენ – ფოტო ან ვიდეოგადაღების სახით, იმ შემთხვევაში, თუკი ის თავის არჩევანს ნებაყოფლობით, მაგრამ ანგარების მიზნით გაასაჯაროებს.