“1+4” მოსამზადებელი კურსის სტუდენტების პირველი დღე თსუ-ში

17 სექტემბერს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსში “1+4” მოსამზადებელი კურსის სტუდენტებმა ქართული ენის ტესტირება გაიარეს, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდებიან. სტუდენტები ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ენას შეისწავლიან.

სომხურენოვანი ახალგაზრდები უმაღლესი განათლების მიღების მიზნით ადრე თუ სომხეთში მიდოდნენ, ამჟამად “1+4” პროგრამის სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც  საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მოქალაქეებისთვის ქართული ენის სწავლებისთვის არსებული შესაძლებლობის წყალობითაა.

“მართალია, ენის თვალსაზრისით, კარგია ერევანში წასვლა, მაგრამ სამუშაოდ დაბრუნებას როცა აპირებ პირველ რიგში ქართულის ენის ცოდნაა აუცილებელი.  აქ ბავშვებს ეძლევათ დიდი შანსი – მათ შეუძლიათ დაფინანსების მოპოვება”,- ალიქ მედიასთან საუბარში ამბობს ერთ-ერთი სტუდენტის მშობელი სედა მარიკიანი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების უმრავლესობამ უკვე იცის მომავალში რა პროფესიას სურთ დაეუფლონ. მათ შორის ჭარბობს საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი და ქართული ფილოლოგია.

თსუ-ის მოსამზადებელი კურსის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 203 სომეხი სტუდენტი ჩაირიცხა, თუმცა მხოლოდ 132 დარეგისტრირდა. სტუდენტებთან ინტერვიუს დროს ცხადი გახდა, რომ ზოგიერთმა მათქანმა სწავლის გაგრძელებაზე დაფინანსების არქონის გამო განაცხადა უარი.