ალიევი: ნიკოლ ფაშინიანი პოლიტიკური მეტოქეების დაპატიმრებით დიქტატურის ახალ რეჟიმს ქმნის

ალიევი

“სომხეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური მეტოქეების დაპატიმრებით დიქტატურის ახალ რეჟიმს ქმნის”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ტომას გრემინგერთან შეხვედრისას განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეუთო-ს ხელმძღვანელს მიმართა, გულგრილი არ დარჩეს სომხეთში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე, რომელიც დემოკრატიის საბაბით ხდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს ასევე შეეხო ყარაბაღის კონფლიქტსაც. ილჰამ ალიევი ფიქრობს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ყარაბაღზე მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ყველა საშუალებით ცდილობს. მისი თქმით, ფაშინიანის თეზისი „აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს“ ბაქოსთვის მიუღებელია.

ალიევის თქმით, სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მუშაობის პირველი დღიდან კონფლიქტის დარეგულირების შესახებ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, რაც  სახიფათოა. იგი ეუთო-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს.