ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამოქალაქო საკითხებისა და დემოკრატიის კომისიის სხდომაზე სომხეთის შიდაპოლიტიკური სიტუაციები და ბოლო პერიოდის მოვლენები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე სომხეთის ეროვნული კრების ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სომხეთის დელეგაციის უფროსი არფინე ჰოვჰანისიანი ავრცელებს.
არფინე ჰოვჰანისიანმა განაცხადა, რომ სხდომაზე სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის, ასევე ყოფილი თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეები განიხილეს.
“ფაქტები, ვიდეოები, პუბლიკაციები წარმოვადგინე. განვიხილეთ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და სპეციალური საგამომძიებო სამსახურის უფროსის სატელეფონო საუბარის ჩაწერასთან დაკავშირებით საკითხები”, – აცხადებს ჰოვჰანისიანი.
მისივე თქმით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის კომიტეტის სახელით წერილი გაუგზავნოს მონიტორინგის კომიტეტს, რათა მონიტორინგი განახორციელონ სომხეთში კანონის უზენაესობის, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით.