Latest posts by Aliq Media (see all)
განათლების სამინისტრის ინფორმაციით, სტუდენტების ინტერესების დაცვის მიზნით, უცხოეთიდან საქართველოში მობილობის წესით გადმოსვლის ახალი მექანიზმი შეიქმნა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ ამის აუცილებლობა ბოლო დროს გააქტიურებული კერძო კომპანიები გახდა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების და სოციალურ ქსელების საშუალებებით სთავაზობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას.
მათივე ინფორმაციით, სისტემის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს მოქალაქეებისათვის თანაბარი საგანმანათლებლო უფლებების უზრუნველსაყოფად, ცვლილება შედის სწავლის უფლების მინიჭების წესში.
„უცხოეთიდან საქართველოში სტუდენტების მობილობის წესით გადმოსვლისას, საქართველოს მოქალაქეებისათვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობა ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება როგორც შემოდგომის, ასევე გაზაფხულის სემესტრში მობილობის უზრუნველსაყოფად. აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ვთხოვთ, ნუ ენდობით კერძო კომპანიებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაცია და გთავაზობენ საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხვას”, – აცხადებენ სამინისტროში.