ერევანში, 28 აგვისტოს, სომხურ-ქართული კულტურის დღე “მეგობრობა იმარჯვებს” პირველად გაიმართა. დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჯერ მოდის ჩვენება მოეწყო, რომელიც კონცერტით დასრულდა.
ArmMod Fashion-ის პროგრამის ხელმძღვანელმა რუბინა გრიგორიანმა, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია, ალიქ მედიას განუცხადა, რომ ღონისძიების მიზანი ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობების გამყარება და ქართველებისთვის სომხეთის უფრო ახლოდან გაცნობა იყო.
“ჩვენ ძალიან მოგვწონს საქართველოში ყოფნა. ამჯერად ამ ღონისძიებით შევეცადეთ ქართველი ტურისტების ყურადღების მიპყრობა და ეს დღე კოლეგა დიზაინერების შემდგომი თანამშრომლობისთვის კარგი საშუალება იქნება”, – აცხადებს გრიგორიანი და ამატებს, რომ მან წინასწარ დაათვალიერა ქართველი დიზაინერების ნამუშევრები, შემდეგ ერთობლივ ღონისძიების გამართვის წინადადებით მიმართა და ისინი სიამოვნებით დათანხმდნენ.
ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები იყვნენ MISS GEORGIA, VICE MISS GEORGIA, MISS WORLD GEORGIA 2017.
MISS WORLD GEORGIA 2017-ში საქართველოს წარმომადგენელმა ქეთი შეკელაშვილმა ალიქ მედიას განუცხადა, რომ მასზე სომხეთმა და ღონისძიებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და კარგი იქნება მსგავსი ღონისძიება საქართველოშიც თუ ჩატარდება.