„ღია ცის ქვეშ ყოფნის გვეშინია …10 წლის შემდეგაც დაბომბვის გვეშინია…“, – იმეორებს 18 წლის გორელი გოგონა, რომელიც ვერც კი იხსენებს, რა მოხდა ათი წლის წინ. იგი 8 წლის იყო როდესაც 2008 წლის 8 აგვისტოს ომი დაიწყო.
„ცეცხლი მახსოვს, ხმები. ახლაც თუ რამე ხმა გვესმის, გვეშინია. სიარულის დროსაც ზევით ვიყურები რამე არ ჩამოვარდეს,“ -ამბობს იგი.
გორში ყოფნის დროს, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ქალაქს, როგორც დაჭრილს, სძინავს და გაღვიძება არ უნდა, რომ ტკივილი არ უგრძნოს. გორელები „მიჩვეულები“ არიან ომზე საუბარს (ალბათ იმდენჯერ აქვთ მოყოლილი ერთიდაიგივე ამბავი). უცხოელს რომ ხედავენ, მაშინვე ხვდებიან, რომ ჟურნალისტები არიან.
“ალიქ მედიას” ჯგუფი, გამოცემა „ვრასტანის“ მთავარ რედაქტორ ვან ბაიბურთიანთან და რაფაელ აღაჯანიანთან ერთად გორის პოლიგონთან მივედით, სადაც დევნილების ბანაკებია განთავსებული. ვესტუმრეთ ზოია მურადოვს, რომელიც ერთ-ერთი იმ ათეულობით ადამიანს შორის, 10 წლის წინ ომს შემთხვევით რომ გადაურჩა. იგი ომის დროს ცეცხლში იწვოდა და ადგილზე მყოფი ჟურნალისტების დახმარებით გადარჩა.
„სამი შენობის“ ეზოში შეხვდებით “სიცოცხლის ხეს”, რომელიც ჩამოყრილი ბომბების ნაწილებისგანაა აწყობილი. თუმცა როგორც გვითხრეს “სიცოცხლის ხის” შექმნამ ადგილობრივების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
„გვერდზე ბავშვების სათამაშო მეოდანია, აქ კი ეს რკინის ხე, რომელიც ყოველ წამს გვახსენებს რა მოხდა 10 წლის წინ. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ნახონ და გაიხსენონ ეს ყველაფერი“, – ამბობს 18 წლის ნინი, რომელიც ქალბატონი ზოიას შვილიშვილია.
შენობებისა და პოლიგონის შუა ტერიტორიაზე ველია, ველზე კი პატარა ხე მოჩანს: „ამ ადგილას, როგორც ბებო ყვება სამი ჯარისკაცი იყო დაღუპული. სროლის ხმასაც მიჩვეულები ვართ, აქ სულ წვრნეთებს ატარებენ“, – ამბობს ნინი.
ამ სამი შენობიდან ერთ-ერთში ცხოვრობს ზოია მურადოვას ოჯახი. ჭურვის ნამსხვრევებმა 60 წელს გადაცილებულ ზოიას ორივე კიდური დაუზიანა. მას შემდეგ 13 ოპერაცია გაიკეთა მაგრამ სიარული მაინც არ შეძლო.
„სიცოცხლე გადამირჩინეს, ამისთვის დიდი მადლობა ექიმებს, მაგრამ მაინც ვერ დავდივარ. ათი წელია ასე ვწევარ“, – ამბობს მურადოვა, რომლისთვისაც დღესაც ძნელია ომის გახსენება.
ზოიას ოჯახი 6 წევრისგან შედგება. სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან არ იღებენ: „ზამთარში ეტლი მოუტანეს, ესეც არ ჰქონდა. ახლა მხოლოდ ერთი თხოვნა გვაქვს, დაბლა ეზოში მიწის ნაკვეთი გვინდა, ოთახს ავაშენებთ, მეხუთე სართულზე ვცხოვრობთ და დედაჩემს გარეთ ვერ გაგვყავს. ლიფტიც არ არის და ძალიან წუხდება“, – ამბობს ზოიას შვილი.
“პირველი ბომბი რომ ჩამოვარდა არ ვფიქრობდით, რომ განმეორდებოდა. მაგრამ ეს განმეორდა… თვალები რომ გავახილე, ირგვლივ ცხედრები იყო. ჩემი მეზობლის შვილი ვნახე მკვდარი, დედა მისი სარდაფში იყო. შვილი გიკვდებათქო დავუძახე, არც კი ვუთხარი, რომ უკვე მკვდარი იყო“, – იხსენებს ქალბატონი ლალი, რომელიც ზოიას მეზობლად ცხოვრობს.
„სარდაფის“ ქართული შესატყვისი ვერ გაიხსენა, რუსული სიტყვის გამოყენებისგან კი თავი შეიკავა. „ტელევიზორს ვცდილობ არ ვუყურო, მაგათი განცხადებები უფრო მაღელვებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არც ვფიქრობ, აბა მაგას ვინ დაგვიბრუნებს“.
ამ ადამიანების ცხოვრებაში ომი გრძელდება. სროლებს მიჩვეული არიან, მაგრამ თუ რამე ძლიერი ხმა გაისმა, ყველა ფანჯრებთან მიდის, იმის შიშით, რომ ისევ დაბომბვა ხომ არ იწყება.
2008 წელს, ცეცხლის შეწყვეტისა და შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნების შეთანხმებას ქართულმა მხარემ 12 აგვისტოს, რუსულმა მხარემ კი 16 აგვისტოს მოაწერა ხელი. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა, თუმცა სროლა, ქართული სოფლების დარბევა, მაროდიორობა და ეთნიკური წმენდა მომდევნო დღეებშიც გრძელდებოდა.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ანექსიად და ოკუპაციად ცნო და რუსეთი ოკუპანტ ქვეყნად გამოაცხადა.
აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ დღემდე დაფიქსირებულია ბორდერიზაციის 50-ზე მეტი შემთხვევა და საქართველოს 3 000 -ზე მეტი მოქალაქეა დაკავებული საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021