რუსი სამხედროების მიერ დაუგეგმავი წვრთნების დროს ატეხილმა მოულოდნელმა სროლამ სომხურ სოფელ ფანიკში პანიკა გამოიწვია, აცხადებენ ადგილობრივები. წვრთნებს რუსული 102-ე სამხედრო ბაზა ახორციელებდა, რომელიც ქალაქ გიუმრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ბაზის წარმომადგენლებმა, მომხდარის გამო ბოდიში მოუხადეს შირაკის რაიონის პროვინციის მოსახლეობას.
სოციალურ ქსელ Facebook- ში გამოქვეყნებულ ვიდეოებში სროლისა და აფეთქების ხმა ისმის და ჩანს, რომ მძიმე ტექნიკა და მანქანები სოფელში მოძრაობდნენ, რამაც მოსახლეობაში გაუგებრობა და სტრესი გამოიწვია. რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გზები გადაკეტა და რუს ჯარისკაცებს სოფლის დატოვება და სროლის შეწყვეტა მოთხოვა.
სოფელ ფანიკის გამგებელმა ვარდან მაკეიანმა სპუტნიკ-არმენიას განუცხადა, რომ წრთვნები ცარიელი ტყვიების გამოყენებით მიმდინარეობდა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია, რადგან არავინ გააფრთხილა ისინი წინასწარ. “ჩვენ ვაფასებთ დაცვას, მაგრამ სამხედრო ოპერაციები სოფელში არ უნდა ჩატარდეს,” – განაცხადა მერმა.
რუსი ჯარისკაცები სოფლიდან მაშინ წავიდნენ, როდესაც გამგებელმა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური და სომხეთის პოლიცია გამოიძახა.