სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირველი მოადგილე არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. მირზოიანმა, 17 ივლისს ნიუ-იორკში გაეროს, მდგრადი განვითარების საკითხების შესახებ მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში არარატ მირზოიანს მოლაპარაკება ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში. ის ასევე შეხვდა აშშ-ის სენატორებსა და კონგრესმენებს, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. მირზოიანმა მოუწოდა კონგრესმენებს, სომხეთისთვის აშშ-ის მხრიდან დახმარების მოცულობის გაზრდისკენ.
ამერიკის ხმის ინფორმაციით ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესის სომხეთთან ამხანაგობის ჯგუფის ლიდერებთან შეხვედრის დროს მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთთან ახალი ეტაპის დაწყებაა საჭირო. შეხვედრის განმავლობაში კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ ტრამპი-ფაშინიანის შეხვედრის გამართვა სასურველი იქნება. კონგრესმენებს განსაკუთრებით სომხეთში მომხდარი “ხავერდოვანი რევოლუცია” და რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები აინტერესებდათ.
კონგრესმენები ფრენკ ფალონი, ვალადაო და დეივიდ თროთი ევროკავშირთან სომხეთის ურთიერთობებით დაინტერესდნენ. მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ერევნის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით, ასევე სომხეთში კორუპციის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებები, რომლის მხარდაჭერისთვისაც კონგრესის სპეციალური დეკლარაციის მიღებაზე დეივიდ თროთმა ისაუბრა. ფრენკ ფალონმა კი აღნიშნა, რომ სომხეთში მიმდინარე დადებითი ცვლილებები შეიძლება მეზობელ ქვეყნმებისთვისაც მაგალითი გახდეს.