Latest posts by Aliq Media (see all)
დღეს დილით, 16 ივლისს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. 4 მეშახტე ადგილზე გარდაიცვალა, 4 მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში არის გადაყვანილი, 2-მა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო.
ფაქსტს უკვე გამოეხმაურნენ საქართველოს პირველი პირები. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ტყიბულის შახტა არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტყიბულში დაღუპული მუშების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია შრომის უსაფრთხოებასთან მიმართებაში კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა.
პრემიერის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.