Latest posts by Aliq Media (see all)
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც წელს 3 000 მოსწავლე დაისვენებს.
სამინისტროს ინფორმაციით, სულ ზაფხულში 6 ახალგაზრდული ბანაკი იქნება, სადაც სახელმწიფოს დაფინანსებით, 10 000-მდე მოსწავლე და სტუდენტი დაისვენებს.
- „მომავლის ბანაკი“ შაორში
- „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში
- „სპორტული ბანაკი“ დაბა ბაკურიანში
- „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ მანავში
- რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ ქუთაისში
- „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“, რომელსაც ცენტრი ევროკავშირთან ერთად (ევროკავშირის დაფინანსებით) ახორციელებს.
ბაკურიანსა და მანავში მდებარე ბანაკში მცირეკონტიგენტიანი სკოლების 11-18 წლის მოსწავლეები, ხოლო ქუთაისში მდებარე ბანაკში 12-16 წლის მოზარდები დაისვენებენ.
ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ საქართველოს ყველა საჯარო სკოლიდან 14-18 წლის ერთი წარმატებული მოსწავლე გაემგზავრება. შაორის „მომავლის ბანაკში“ სტუდენტები დაისვენებენ, ხოლო საერთაშორისო ბანაკში ახლო აღმოსავლეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან 100 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
პროექტი მეექვსე წელია ხორციელდება და მისი მიზანია, მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით – კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება. გარდა ამისა, ლიდერის პოზიციაზე ზაფხულის განმავლობაში, 300 ახალგაზრდაა დასაქმებული.
reginfo.ge