Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 ივნისს, სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა და თანამდებობა 2,6 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა.
“გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით,” – განაცხადა მან.
კვირიკაშვილის თქმით, “დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია.”
ამ ეტაპზე, მმართველი გუნდი მომავალ პრემიერის კანდიდატურას არ ასახელებს. მათი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა „ამ მომენტიდანვე“ დაიწყება.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. თუმცა ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე ქვეყანას მოვალეობის შემსრულებელი მინისტრები მართავენ.
საქართველოს კანონმდებობის მიხედვით, პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული პირი უნდა წარადგინოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კი ასევე შვიდი დღის ვადაში უნდა დააკომპლექტოს მთავრობა და პარლამენტს ნდობის მისაღებად წარუდგინოს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტმა ახალი სამთავრობო პროგრამაც უნდა წარადგინოს.
კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე ის იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ვიცე-პრემიერი. პოლიტიკაში მოსვლამდე ის საბანკო სფეროში მუშაობდა და 2011 წლამდე ივანიშვილის კუთვნილ “ქართუ ბანკს” მართავდა.