პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, 13 ივნისს, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მერს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღდგენა ემუქრება.
პროკურატურამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 12 ივნისს მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია მონიტორმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევს ბოდიში მოახდევინეს და აიძულეს სახე საკუთარი შარდით დაებანა.
პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. მისი მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, რუსთაველის ქუჩაზე. ოფისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.
“ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს მარნეულში, ე.წ. “ჟეჟებეს” რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო “ფეისბუქის” პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე,” – ნათქბამია განცხადებაში.
მარნეულის მერი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით. რამინ ალახვერდიევის და მოქალაქე ე.გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. რაც შეეხება, საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვს მისი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
“საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენა – მხილების მიზნით“, -ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021