Latest posts by Aliq Media (see all)
… უკვე თერთმეტი საათია, მგონი. არ დამაგვიანდეს…
“მარიოტ მარკიზში” მივდივარ. ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროა მთელს ნიუ-იორკში. არ ვიცი, შეიძლება სამუშაოს წამოვკრა ხელი. თუ ვიშოვი ალბათ, ქეშზე _ ასე ეძახიან ნაღდ ფულს. მოკლედ, როცა გადასახადებს იხდი. ეს მაშინ, თუკი თავისუფალი ადგილი აღმოაჩნდათ _ ოფიციანტის ან ბასბოის.
თუ სამუშაო ვიშოვე, ესე იგი, ბედი მქონია.
ბროდვეისა და მეშვიდე ავენიუს გადაკვეთაზე რამდენიმე სასტუმროა. ერთ-ერთი მათგანია “ჰოლიდეი ინნი”, სადაც ოდესღაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაჩერებულა. ასე ამბობდნენ ბიჭები. მე თვითონ არ მინახავს, კაცმა რომ თქვას, ვინ მანახებდა.
აგერ გამოჩნდა იმ შიშველი ქალის სურათი, “პეპსიკოს” რეკლამას რომ უკეთებს. როგორც მითხრეს, ორ ბლოკში უნდა იყოს ის ყავისფერი კარი, სადაც მენეჯერი ზის ადამიანთა რესურსების განყოფილებიდან. ისე, იცოცხლე, რესურსები კი აქვთ. ხანდახან თავი ინკუბატორში მგონია, სადაც კარგად ჩაცმული მამაკაცები და ლამაზი ქალები გამოჰყავთ. ხუმრობის გარეშე, მანჰეტენზე სიარულის დროს შეიძლება იმპრესიონისტობა მოგინდეს უცებ. ყველანაირად უნდა ეცადო, რომ არ გაგიჟდე.
რამდენი მანქანაა ეს ოხერი! ამდენიც არ შეიძლება. საქართველოში რომ ვიყავი, ვფიქრობდი ამერიკას არაფერი აკალია-მეთქი. ახლა მეჩვენება, რომ ყველაფერი ზედმეტია. ყოველ შემთხვევაში, ამდენი მანქანა ნერვებს მიშლის.
ხანდახან იდიოტური აზრები ამეკვიატება ხოლმე. ამ ბოლო ხანებში, მაგალითად, ხშირად ვფიქრობ, რატომ მოვედით ჩვენ ყველანი, ამ ქვეყანაზე?! ისე, კაცმა რომ თქვას, მე ვინ მეკითხება ამას. მაგრამ ეს კითხვა იმდენად არ მასვენებს, რომ ვცდილობ, რამენაირად ვუპასუხო. ალბათ, რამდენიმე ვარიანტის პასუხი შეიძლება გასცე კაცმა.
პირველი ვარიანტის მიხედვით, იმიტომ მოვედით ქვეყანაზე, რომ ფლორიდაზე სახლი ვიყიდოთ, როგორც ამას ნიუ-იორკელი მილიონერები აკეთებენ. ეს სახლი უნდა იყოს ოკეანის ნაპირზე, უნდა ღირდეს არანაკლებ სამასი ათასი და იმის საშუალებასაც უნდა იძლეოდეს, რომ ყოველდღე მზის ამოსვლასა და ჩასვლას უყურო. გქონდეს დრო და ფული ერთად. კარგია, არა?!
მეორე ვარიანტია, რომ ჟაკლინ ბისე ჩავიწვინოთ ლოგინში და ეს სიამოვნება რაც შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს. ქალებმა შეიძლება, ალენ დელონი ან პოლ ნიუმენი ჩაიწვინონ. უფლება ყველას თანაბარი აქვს. ესეც არ არის ცუდი, არა?!
კიდევ რა? სახელი უნდა გვქონდეს. კარგი სახელი, რომ მდიდრები ვართ, კარგად ვართ და ხალხს ჩვენი შურს. ეს იმიტომ, რომ მართლა შეშურდეთ. გინდა არაფერი გვქონდეს, მარტო ის სიამოვნება რად ღირს, როცა იცი, რომ შენს ირგვლივ ხალხი შურისაგან ჭკუას კარგავს. ამის მიზეზი კი შენ ხარ, შენი ბრწყინვალებით.
მერე მანქანა, აუზი, ჩოგბურთის კორტები, დიდი გოლოგრაფიული ეკრანი სახლში და მთელი მომსახურე პერსონალი. აი ასე, როგორც პარკ ავენიუზე აქვთ, ძველი ისტაბლიშმენტის მილიონერებს.
არ ვიცი, შეიძლება რაიმე გამომრჩა, მაგრამ მთავარი, მგონი, არ დამვიწყებია.
ვფიქრობ, უბრალო პასუხია, არა! ყველაზე ცუდი ის არის, რომ მაინც ვერაფრით ვწყნარდები. რა ვუყო, შეიძლება ჩემში ნაპოლეონ ბონაპარტე ზის, რომელსაც უნდა, რომ ათასი მოკვეთილი თავი წინ დაუდონ და ამ დროს სისხლის ტბორის ყურებით მიიღოს ტკბობა. ანდა, არისტოტელე ონასისი, რომელიც ჟაკლინ კენედის მუხლებზე აყენებდა და ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ მთელს ქვეყანას საკუთარი ასოს წვერზე მოათავსებდა.
არ ვიცი ზუსტად, რას ფიქრობდა ონასისი, მაგრამ მე თავს საშინლად ვგრძნობ.
ნიუ-იორკი ფუფუნების ქალაქი მეგონა და ეხლა მგონია, დიდ ბოსელში ვარ, სადაც სოციალური დაზღვევის ქაღალდი მაქვს გამოწერილი. ამ ქაღალდით თუ შეუძლია განმასხვავოს ვინმემ სხვისგან. წარმოგიდგენიათ, დიდი ამერიკა და პატარა ვირები?! და ყველა ვირს გამოსარჩევად საკუთარი ნომერი აწერია შუბლზე.
ერთმა რეჟისორმა ქალმა მითხრა, ადამიანმა სიწყნარე და სიმდიდრე საკუთარ სულში უნდა იპოვოსო. იმ წუთას მომეჩვენა, რომ სიგიჟეს ლაპარაკობდა, ძალიან ძნელია სულში ეძებო სიმდიდრე, როცა ტაიმს სკვერის მაღაზიები სავსეა დოვლათით.
რა ლამაზი სასტუმროა ეს “მარიოტი”. მარტო ელევატორი რად ღირს.
იმ ბიჭის ამბავია საინტერესო, გრინვიჩ ვილეჯში რომ ცხოვრობდა. ნეტავ, ცოცხალია თუ არა?.. ოთხი წლის წინ ჩამოვიდა. დიდი ოცნებები ჰქონდა. აპირებდა მილიონერობას. თავიდან კარგ რესტორანში ოფიციანტად მოეწყო. მგონი, იტალიელების უბანში. ასე, ორას ორმოცდაათ დოლარამდე ჰქონდა კვირაში. ერთოთახიანი ბინისთვის ეყო ზემო მანჰეტენში. ისე, სიმპათიური ბიჭი იყო გარეგნულად. ეგონა, ვარსკვლავებს მოსწყვეტდა ციდან. ნამდვილი ქართული პატივმოყვარეობა ჰქონდა, როცა ჩამოვიდა, მთელი თვეების განმავლობაში ფოტოაპარატით დადიოდა ქუჩებში _ იღებდა სურათებს ლიმუზინებთან და ფუფუნების სხვა საგნებთან ერთად. თან ერთი-ორ ლამაზ გოგოს გააჩერებდა. ამ ფოტოებს მერე თბილისში აგზავნიდა. მე მგონი, იქ მართლა ეგონათ, რომ როკფელერ ცენტრში ან ტრამპ-თაუერში ჰქონდა ოფისები.
კარგა ხანს მუშაობდა რესტორანში. მერე მგონი გაგიჟდა. ვიღაც მილიონერ კლიენტს ტორტი სახეში შეათხლიშა და სამსახური დაკარგა. ის კი არა, ცოტა ხანს ციხეშიც იჯდა. მას მერე აღარ შემხვედრია. ამბობენ, რომ ეხლა მეტროში ცხოვრობსო. წვერი მოუშვია და ძალიან ძნელია ცნობა. ერთ ბიჭს შეხვედრია მთვრალი და ჭუჭყიანი. ზურგზე ფოტოაპარატი ჰქონდა გადაკიდებული.
ისე, კაცმა რომ თქვას, ეს ფოტოაპარატით სიარული არ არის ცუდი. მიდი და აიღე რამდენიც გინდა, ვინ გაიგებს თბილისში, რომ შენი ცხოვრების სტილი ძალიან შორსაა როკფელერისაგან.
ასეთი რომანტიზმი არ არის ცუდი. თუკი კაცს აქვს ნამდვილი ამერიკული ოცნება, ეს მშვენიერია, არა?
დაახლოებით ათი წლის წინათ ერთი ქართველი ცოლ-ქმარი გამოიქცა გემიდან. პირდაპირ ნავსადგურიდან აიყვანა ერთმა ღვთისნიერმა. წაიყვანა თავის სახლში და ნახევარ წელიწადს აცხოვრა, სანამ ორივე სამუშაოს იშოვიდა. რამდენიმე წელიწადს უჭირდათ. მერე ფეხზე დადგნენ, მაგრამ თავის გადამრჩენელთან ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდათ. არ ვიცი ზუსტად, როგორ იყო, მასპინძელს საქართველოში ვიღაცისათვის უთქვამს, ეს უბედურები წელიწადზე მეტხანს ჩემს კმაყოფაზე იყვნენ. საჭმელი არ ჰქონდათ და მე ვაჭმევდიო.
ამის მერე დაიწყო მათი მტრობა. უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ ერმანეთს. მერე ეს ცოლ-ქმარი იმდენად გამწარდა, რომ ღამით იმ კაცის სახლს ცეცხლი წაუკიდა. არ ვიცი, ნიღბებით მივიდნენ, მარტო ქმარი იყო თუ ორივე. ის კი ვიცი, რომ ორი წელიწადი სასამართლო ჰქონდათ. მოკლედ, არ დამტკიცდა ცეცხლის წაკიდების ამბავი. ცოლ-ქმარმა ალიბი აიღო, ვიღაც მოწმე მოინახა, ვინც დაადასტურა იმ საღამოს ესენი ჩემთან იყვნენო. შეიძლება არც არის იმათი დამწვარი ის სახლი, ან შეიძლება მარტო ქმრის სინდისზეა ეს ყველაფერი. კაცმა არ იცის, ის კია, რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებულნი ერთმანეთს. ერთი ამბობს, უმადურები არიანო, მეორენი ამბობენ, მადლს იმიტომ შვრება, რომ ხალხმა ილაპარაკოს, რა კარგი კაციაო. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანები ყველგან ერთმანეთს სჭამან და ამას უნდა შეეგუო კაცი.
სხვათა შორის ამ ცოლ-ქმარმა მთხოვა საქართველოში წამსვლელებს ყველას უთხარი, რომ ძალიან კარგად ვართო. მე კი ბრყვი ვარ, ფული უნდა გამომერთმია ამისთვის. ახლა ვხვდები, რომ ყველაფერი ფულად უნდა დააფასო ამ ქვეყანაში.
სამუშაო, რა თქმა უნდა, ვერ ვიშოვე, ყველა ამბობს, ასეთი უმუშევრობა რუზველტის მერე არ გვინახავსო. რეცესიის ბრალია ყველაფერი. ბევრს ჰგონია, რომ კლინტონი ან ბიუკენენი თუ აირჩიეს, ისინი უშველიან საქმეს. მე ვფიქრობ, რომ ეს სისულელეა. ყველაფერი, რაც პოლიტიკასთანაა კავშირში დიდი სისულელეა. არაფერი გამოასწორებს ცხოვრებას.
“მარიოტის” ხალხმა უარი მითხრა, ორ თვეში გამოიარეო. ხომ ვიცი, რომ ორ თვეში საერთოდ არ იქნება ადგილი. ამ დროს სტუდენტები თავისუფლდებიან და დამშეული ყვავ-ყორნებივით ეძგერებიან დიდი ქალაქების რესტორნებს. რას იზამ, უნდა შეეგუო ვირთხის ყოფიერებას. დასაწყისში ყველას რაღაც სასწაულის იმედი აქვს და ამ იმედით ცხოვრობს მთელი წლები. კაცმა არ იცის, რა მოხდება მომავალში.
ყველაზე უცნაური ის არის, რომ ხანდახან ცუდად ვარ. ისე, არაფერი მაკლია, საჭმელ-სასმელი მაქვს, მაცვია, მახურავს და ქალებიც არიან, მაგრამ ხანდახან ისე ცუდად ვხდები, ფანჯარაში გადახტომა მინდება.
ეხლა ვდგავარ “ემფაირ სტეიტ ბილდინგის” ქვეშ და თავი ძაღლად მეჩვენება. ისე, ალბათ, ძაღლზე უარესიც ვარ. ძაღლმა ის მაინც იცის, რა უნდა ამ ცხოვრებაში. თანამედროვე ადამიანი კი კარგავს ამ შეგრძნებას.
სულ ვერიდები ფილოსოფიაზე მსჯელობას, მაგრამ როგორც კი ვიწყებ კონკრეტულ საგნებზე ფიქრს, მაშინვე მიწყებს კბენას ეს ოხერი ჭია, მკბენს და თან მეუბნება: რა გინდა, შე უდებურო აქ?! რას აკეთებ? შენი ცხოვრება ხომ ქვეწარმავლის ცხოვრებაა, იცოდე, სიკვდილს მაინც ვერ გაექცევი, იჩქარე, იჩქარე!!!
არ ვიცი, ვინ ეძახის ამას ფილოსოფიას ან ფსიქოლოგიას, ის კი ვიცი, რომ ასეთ რამეზე ფიქრის დროს, სულში ჭიანჭველები მეხვევიან.
მესამე ავენიუზე უნდა გავიდე. იქ, მეტროსთან, ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ჩემი ძველი მეგობრები. ის ბიჭი ბავშვობიდან ჩემს უბანში ტრიალებდა. რაღაც იდეები ჰქონდა, ცოტა უცნაური, მაგრამ სწამდა საოცრად. ეს დიდ ძალას მატებდა. სულ თავდაჯერებული გამომეტყველებით დადიოდა ქუჩაში. ეს ბევრს აკვირვებდა. ბიჭებს აინტერესებდათ, რა იპოვა წიგნებში ისეთი, რომ ცხოვრებაში ეჭვი აღარ ეპარებოდა. კიდევ ქალები უყვარდა, ალბათ, ესეც უხალისებდა ცხოვრებას. ყველა ქალთან ძალიან ზრდილობიანი გახლდათ. იდეალური საყვარლის ტიპი იყო. ისე, ხალხში სულ ირწმუნებოდა, ცოლის გარდა, ცხოვრებაში ქალს არ გავკარებივარო. ცოლი მშვენიერი და ღვთისნიერი გოგო იყო, სულ ეჩხუბებოდა, გაანებე ამ ძრომიალს თავიო. ერთხელ ცენტრალ პარკში წავასწარი წელზემოთ გახდილს, ვიღაც ქალბატონთან ერთად. დაბნეულმა მითხრა, ქუჩაში ცუდად გავხდი და ამ ქალმა მომასულიერაო. მე კი არ ჩავეკითხე, თვითონ მითხრა, თორამე, ისე ღმერთმა დამიფაროს ასეთ ინტრიგებში გახვევისაგან. არავისთვის არაფერი მითქვია ამის შესახებ. იტყვი და, მერე ყველაფერი შენ დაგბრალდება. ანდა, რა ჩემი საქმეა, ვინ ვის კოცნის და ეხვევა.
“უნიონ სკვერზე”, მეთექვსმეტე ქუჩის კუთხესთან, კარგი ბარია. იქაც მინდოდა მოწყობა სამუშაოდ. მაგრამ ვინ მიგიღებდა. თურმე მოდელების ბარია, ერთმანეთზე უკეთესი გარეგნობის ხალხი დადის იქ. სხვათა შორის, ერთი საინტერესო პიროვნებაც შემხვდა. თხუთმეტი წლის წინათ ჩამოსული თბილისელი ქალი. ძალიან კარგად იყო ჩაცმული. მერე გავარკვიე, რომ ბანკის მოხელე ყოფილა, “ჩეიზ მანჰეტენში” მუშაობდა მეხუთე ავენიუს და ორმოცდამეოთხე ქუჩის კუთხეში. წელიწადში დაახლოებით ორმოცდაათ ათასს აკეთებდა. ბინა ჰქონდა ზემო ისტ საიდში. მშვენივრად გამოიყურება. ასე, 35 წლის გაუთხოვარი ქალია. ბავშვები არ ჰყავს და ცხოვრობს თავის გემოზე. ამას წინათ ძალიან საინტერესო ლაპარაკი მქონდა ამ ქალთან. ვკითხე, რატომ გადაწყვიტა აქ ჩამოსვლა.
“მე ძალიან კონსერვატიულ ოჯახში ვიზრდებოდი, _ მითხრა მან, _ მამაჩემი საღამოს რვა საათის მერე სახლიდან არ მიშვებდა. ვინმე ბიჭთან ერთად თუ დამინახავდა, ჩემს მტერს, ისეთ დღეს მაწევდა. სინამდვილეში პატიმარი ვიყავი. ასე მეგონა, ყოველ შემთხვევაში, ამიტომაც გამოვიქეცი.”
ამერიკა ჩემთვის ულამაზესი სექსის ქვეყანა გახლდათ. ჩემს წარმოდგენაში, ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანებს ჰქონდათ უმშვენიერესი, დაუცხრომელი და თავისუფალი სექსი. ჩემი ოცნება იყო, ყოველთვის ასეთი სექსით მეცხოვრა.
ჩამოვედი აქ და ვნახე უამრავი ადამიანი, უამრავი სანაპირო და უამრავი სახლი. ვნახე თავისუფალი აღებ-მიცემობა, მაგრამ სექსი ვერსად ვიპოვე. აქ ადამიანები უსქესოები არიან. სულ მქონდა იმედი, რომ სრულყოფილი სექსით გავიხსნებოდი სამყაროში. ყველაფერი ხომ აქედან იწყება. აქ ეს ამბავი ვარჯიშივითაა. ეხლა ვხვდები, რომ ნამდვილი სექსი საქართველოში უნდა მეძებნა. იქ იციან ყველაფერი, აკრძალული ხილი ტკბილია, ხომ იცი!..
უცნაურია, არა?! ეს ქალი ჩამოვიდა ოცნების ქვეყანაში და მიდის ვირების ქვეყნიდან. იმასაც ვერ იტყვის კაცი, რომ ყველას ასეთი რამე ემართება. ვერ გაიგებ ვერაფერს…
შესაძლოა, ადამიანმა ოცნების სექსიც, ოცნების სიყვარულიც და ოცნების ქვეყანაც მართლა საკუთარ თავში უნდა იპოვოს. ისე ვერავინ დაგაწყნარებს და ყოველთვის იფიქრებ ცხოვრების უკუღმერთობაზე.
ყველა თვალებში მიყურებს გაფაციცებული, იმის იმედით, რომ რაიმე აზრს მომპარავს. სულ იმის შიშში ვარ, ვინმესთან ზედმეტი ინფორმაცია არ წამოვაყრანტალო. ყველა ხომ ჩემი მტერია, ყველა მარტო საკუთარ ტყავზე ფიქრობს. მე ვარ ჭანჭიკი ისეთი დაზეთილი მანქანისა, რომელიც არასდროს არ გაჩერდება.
ბროდვეიზე უამრავი პლაკატი და განცხადებაა გამოკრული. სამუშაოზე მოწყობის, ბინების, უძრავი და მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ.
“კოლუმბიის უნივერსიტეტთან ქირავდება სამოთახიანი ბინა. ცხელი წყლისა და გათბობის ფულს ბინის პატრონი იხდის. ტელევიზიის კაბელი უკვე გაყვანილია. კარგი რაიონი. კრიმინალების მინიმალური რაოდენობით. ფასი _ 12000 დოლარი თვეში”.
ადგილი ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემთვის ეს ზედმეტად ძვირია.
აქვეა დიდი პლაკატი, რამდენიმე ნიღბიანი კაცის ჯგუფური პორტრეტით. გვერდზე მიწებებულია ჰარი ტრუმენისა და დუაიტ ეიზენჰაუერის ფოტოსურათები. მერე მოდის ნაბეჭდი ტექსტი:
“… ჯეიმზ ანდერსონის პრეზიდენტობისას მასონთა ლოჟამ მიიღო “თავისუფალი მასონების ორგანიზაციის” სახელწოდება. თვით ჯეიმზ ანდერსონი იყო ებრაული წარმოშობის ქრისტიანი. 1710 წლიდან იგი სასულიერო პირი გახდა და ინგლისის საეკლესიო იერარქიაში საკმაოდ მაღალი ადგილი ეკავა.
იმ აზრის საწინააღმდეგოდ, რომ მასონობა ებრაული ფენომენია, უნდა ვთქვათ, რომ მასონობა ჩაისახა ანგლოსაქსურ, ფრანგულ და გერმანულ ქრისტიანულ სამყაროში. ამერიკის პრეზიდენტების ნახევარი მასონთა ლოჟის წევრი იყო: ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი, ზაქარია ტეილორი და კიდევ ბევრი სხვა.
მასონს აქვს საკუთარი მორალური კანონები: თუ მას სწორად ესმის ხელოვნება, ის არასოდეს იქნება სულელი ათეისტი ან ღვთისმგმობელი. ყველა რასისა თუ აღმსარებლობის მასონი ერთმანეთს ეთანხმება ძირითად პრინციპში. ეს არის მისტიკა უხილავი სიყვარულისა და სიკეთისა. ეს მისტიკა აბრუნებს დედამიწას.
კაპიტანი მორგანის მოტაცებამ გაუტეხა სახელი მასონობას…
ვერ გაიგებ, რა არის მართალი და რა – ტყუილი. ამ მასონებზე იმდენი ცუდი მაქვს გაგონილი ოთარისგან, რომ აღარაფრის დაჯერება არ მინდა, _ არც კარგის და არც ცუდის, რა იცის კაცმა.
ღირს კი, რამის დაჯერება?!
მზე მაგრად აჭერს “მარიტ მარკიზს”. ხალხი ეძებს ყველაფერს, გარდა საკუთარი თავისა.
აგერ კიდევ ერთი წარწერა მოჩანს. ეტყობა, ხელითაა დაწერილი და მერე გადამრავლებული. ამასაც წავიკითხავ და ამით დასრულდება ჩემი დღევანდელი ცნობისმოყვარეობით აღსავსე დღე.
“რა გინდა, ყველა ჯურის ადამიანო?! ყველაფერი ის, რაზეც შენ ოცნებობ, არის ზედმეტი და გამოუსადეგარი. მთელი უოლ-სტრიტიც რომ შენი გახდეს, მაინც უსაზღვროდ უბედური იქნები. არ მოგეწონება პლაზა-ოტელიც, არ მოგეწონება ბევერლი ჰილზის მდიდრული სახლებიც, არც მაქსველის “მფრინავი ჰოლანდიელი” დაგიმშვიდებს გულს. არ გეგონოს, რომ ბრწყინვალება ავსებს სიცარიელეს.
შენ მოგეჩვენება, რომ დედამიწა ზედმეტად ვიწროა შენთვის და ორივე ფეხით დადგომას ვერ ახერხებ მასზე. მოგეჩვენება, რომ უთვალავი მტერია შენს გარშემო და შენც შიშის მონა იქნები…
შენ თვითონ არ იცი, რომ გაქვს ის, რაზეც უნდა იოცნებო.
ყოველდღე, იღვიძებ დილით და ხარბად შეისუნთქავ სუფთა ჰაერს. შენ გიხარია, რომ ცოცხალი ხარ, თქვი მადლობა ამაზე.
ჩიტი ჩაიფრენს შენს გვერდით და დაიჭერ მშვენიერ წამს მისი ფრთაგაშლილი არსებობისა. შენ ეზიარე თავისუფლებას. რატომ არა ხარ მადლიერი?!
გაზაფხულზე შენ შეიგრძნობ ფოთლების შრიალს და ცის ელვარება გიბრმავებს თვალებს. შენ გრძნობ ნეტარებას სილამაზისას. რატომ არ გინდა, დაინახო ეს?!
შენს გვერდზე ადამიანები დადიან და ერთ-ერთი მათ შორის ნაზად გიღიმის. შენ გრძნობ, რომ იმ წუთას ის გიყვარს ყველაზე უმწიკვლო და უანგარო სიყვარულით. რატომ არ გინდა დატკბე ამ სიყვარულით?!
დღედაღამ ქუჩებში მორბენალს, გეჩვენება, რომ ყველაფერი უწესრიგოა და მსოფლიო ქაოსში ცურავს. რატომ არ ცდილობ, ერთი წუთით მაინც გაჩერდე და შეხედო ჰარმონიულ სამყაროს, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. სადაც არ არის შური, ღვარძლი, მტრობა და შიში. რატომ არ გინდა ამის დანახვა?!.
რა გინდა, ადამიანო? რას ეძებ ამ ქვეყანაზე მეტს?!
ჯორდანო ბრუნომ გაგაუბედურათ ყველანი. მან შეიტანა ეჭვი სამყაროს ჰარმონიაში. და ბრიყვმა ინკვიზიტორებმა კოცონზე დაწვეს იგი.
ასი როკფელერის ცენტრიც რომ გქონდეს _ სისულელეა. გავა რამდენიმე დღე და შენ დაინახავ, რომ არარაობისაკენ მიექანები.
ეს მოხდება მაშინ, თუკი არ შეიგრძნობ იმ ბედნიერებას, რომელიც შენს გვერდზე ძევს. აიღე ხელში და მაგრამ გაუფრთხილდი. გაუფრთხილდი ფერთა ცვალებადობას, გაუფრთხილდი ფრინველის გაშლილ ფრთებს, გაუფრთხილდი სიყვარულის პირველ ნაზ ღიმილს და ხარბად ჩასუნთქულ წმინდა ჰაერს…
შენ თავისუფალი ხარ, რომ აირჩო არარაობისაკენ სავალი გზა. იქ არც ცუდი არსებობს, არც კარგი. არც ტკივილი და არც სიხარული, არც სიამოვნება და არც წამება. იქ ყველაფერი ერთი ფერისაა. და ამ ნელთბილ ქვეყანაში შენ ვერ გრძნობ საკუთარ თავს და ვერც სხვებს აღიქვამ.
გამომიტყდი, რა არის შენი ყველაზე ძვირფასი ოცნება. უკვდავება, არა?! მაშინ გააკეთე არჩევანი. ის, რაც შენ გინდა.
სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დაბნეული ვარ დღეს. ალბათ, სიცხის ბრალია ყველაფერი.
“როი როჯერსის” სასადილოში წავიხემსებ აქვე, და მერე გადავწყვეტ, ვიცხოვრო თუ თავი მოვიკლა.
ირაკლი კაკაბაძე, 1993 წელი.