Latest posts by Aliq Media (see all)
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში 30 მაისს, სომხეთის ხავერდოვან რევოლუციაზე იმსჯელეს. მომხსენებლებმა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მიმდინარე მოვლენებში, საზოგადოებას სომხეთში განვითარებული პოლიტიკური ამბების თავიანთი ხედვა გააცნეს და გამოცდილება გაუზიარეს.
ოლია აზატიანმა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს სომხეთის პროექტის კოორდინატორმა, დამსწრე საზოგადოებას შეახსენა როდის დაიწყო საპროტესტო ტალღა, როგორ და რა შედეგებით დასრულდა იგი.
„ეს იყო საპროტესტო აქციები მთავრობის წინააღმდეგ“,- განაცხადა ოლიამ და დასძინა, რომ ამ აქციების იმპულსი კონსტიტუციის შეცვლა და ქვეყნის საპარლამენტო მოდელზე გადასვლა გახდა.
იმაზე თუ, როგორ განასხვავდებოდა ხავერდოვანი რევოლუცია სომხეთის წინა რევოლუციებისგან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კოორდინატორმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გამოჰყო.
„რევოლუციური კომიტეტის ერთერთმა წევრმა მარია კარაპეტიანმა მოსახლეობას მოუწოდა -მოდი რევოლუციაზე ისე თითქოს მოდიხარ სასეირნოდ – ეს იყო ძალიან საინტერესო, რადგან სომხეთის წინა რევოლუციების მაგალითმა აჩვენა, რომ როდესაც ხალხი მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში იდგა, პოლიცია ამ დროს უფრო სასტიკია. ამ რევოლუციის დროს კი ხალხი დილით ადრე გამოდიოდა მოედანზე, კეტავდა ქუჩებს, ყველაფერი კი საღამოს 10 საათზე მთავრდებოდა. ანუ ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა წასულიყო, დაესვენა და მეორე დღეს კვლავ დაეწყო აქცია. მე ვფიქრობ ეს იყო ძლიერი ტექნიკა“, – აღნიშნა ოლია აზატიანმა.
მან ყურადღება ნიკოლ ფაშინიანის ფაქტორზეც გაამახვილა. „ჩვენ წარსულში ბევრი პოლიტიკური პროტესტი გვინახავს, სადაც ლიდერები ყოველთვის დაცვის თანხლებით დადიოდნენ. მაგრამ ახლა ნიკოლი იყო სრულიად ხელმისაწვდომი. შესეძლო იყო ნებისმიერი ადამიანი მისულიყო, დაესვა კითხვა და სწორედ ეს ქმნიდა მის მიმართ ნდობას, რომ ის იყო ერთერთი მათგანი“.
ხავერდოვანი რევოლუციის დროს მედიის გავლენაზე გაამახვილა ყურადღება მულტიმედია ჟურნალისტმა არმენ სარქისიანმა. მისი თქმით, ონლაინ მედიამ თავის საქმე პროფესიონალურად შეასრულა და „ლაივსტრიმები“ ამ ყველაფრის გასაღები იყო.
„ეს იყო სმარტფონების რევოლუცია. ხალხი პირადი მოწყობილობების საშუალებით იყო პირდაპირ ეთერში. ჩვეულებრივმა ადამიანებმა იკისრეს მედიის როლი და თავად გახდნენ მედია. ეს იყო ძალიან საინტერესო, რადგან ეს არ ხდებოდა მხოლოდ ერევანში, ხალხი პოსტავდა თავიანთი სოფლებიდან, ყველა ქუჩიდან, რაც არ შეეძლო მედიას, რადგან ყველგან ვერ მიაღწევდა,”- ამბობს სარქისიანი.
მულტიმედია ჟურნალისტს, ადგილობრივ ტელევიზიებსა და უცხოურ მედიაზე თავისი კრიტიკული დამოკიდებულება არ დაუმალავს. როგორც სარქისიანმა აღნიშნა, ადგილობრივი ტელევიზიები ან საერთოდ არ აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, ან მოკლედ მიმოიხილავდნეს. მისი აზრით, უცხოური მედია კი ამ კუთხით საერთოდ პასიურობდა.
რით განსხვავდებოდა ხავედრდოვანი რევოლუცია სხვა რევოლუციებისგან ამის ერთ-ერთ მაგალითად არმენი, ნიკოლ ფაშინიანის ‘ფეისბუქ ლაივს’ ასახელებს, რომელიც ფაშინიანმა პრემიერად არჩევის შემდეგ განახორციელა.
„ნიკოლს სულაც არ დასჭირდა ტელევიზიები, რომ თავისი სათქმელი მიეტანა მოსახლეობამდე. მე ვთვლი, რომ ეს ამ რევოლუციის ერთ-ერთი უნიკალურობაა. ჯერ არ ჩატარებულა სათანადო კვლევა და არ მომხდარა გაანალიზება, თუ როგორ შუქდებოდა მედიაში რევოლუცია, მაგრამ როცა გაანალიზდება შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი სახელმძღვანელო გახდება, თუ როგორ განვახორციელოთ რევოლუცია ციფრული მედიის მეშვეობით“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.
სომხეთში, როგორც მას უწოდებენ “ხავერდოვანი რევოლუცია” აპრილში დაიწყო და მაისამდე გაგრძელდა, როდესაც ხალხის მიერ რჩეულმა კანდიდატმა, ოპოზიციონერმა და აქციების ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. გამოსვლები თავიდან ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის მესამე ვადით ქვეყნის ხელმძღვანელად დანიშვნის წინააღმდეგ დაიწყო, რაც საბოლოოდ, პრემიერად არჩევიდან რამდენიმე დღეში მისი გადადგომით დასრულდა.
ამჟამად, სომხეთში დროებითი მთავრობა შეიქმნა, რომელიც საბოლოოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.