სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერსა და დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო – სომხეთის ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების მშვიდობიანი განვითარება ქვეყნის შემდგომ კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
” მოხარული ვარ, რომ შევხვდი სოხეთის დემოკრატ პრემიერ-მინისტრს. იმედი მაქვს, რომ თქვენი მობრძანება სქართველოში ახალ ელფერს მისცემს ქართულ-სომხური ურთიერთობების დამყარებისთვის, რომლებსაც საუკუნოვბანი ისტორია აკავშირებთ” , – განაცხადა მარგველაშვილმა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ ქართველებისა და სომხების სურვილი სიყვარულისკენ სწრაფვაა.
” მოხარული ვარ, რომ სომხეთში არსებული დემოკრატიული განვითარების ფონზე განვახორციელეთ ჩვენი ვიზიტი, რადგან ორი ქვეყნისთვის ეს ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა განვითარდეს” , – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს საქართველო და სომხეთი სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ და სომხეთის პრეზიდენტის მონაწილეობას თბილისში ჩატარებულ საზეიმო ღონისძიებებში ქართველი ხალხისათვის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.