ბოლო დროს სომხეთში განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც ოპოზიციონერი ლიდერის პრემიერ-მინისტრად არჩევით დასრულდა, დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოში და თუ აქამდე სომხეთი არ იყო საქართველოს მთავრობისა და მოსახლეობის ინტერესში, დღეს ის გახდა განსჯის საკითხად, ამბობს სომხეთში საქართველოს საკითხებში ექსპერტი, ქართველოლოგი ჯონი მელიქიანი.
ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა 26-27 მაისს საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის ვიზიტი და 30-31 მაისს დაგეგმილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი განიხილა.
მელიქიანის აზრით, არმენ სარგსიანის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით.
“თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა უცხოელ ლიდერებთანაც. ასევე მნიშვნელოვანი იყო ბატონი არმენ სარგსიანის გამოსვლა, რომელიც მედიაში ძალიან დადებითად აისახა”, – განაცხადა მელიქიანმა და ხაზი გაუსვა სარგსიანის შეხვედრას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან.
მელიქიანის განცხადებით, სომხურ-ქართულ ურთიერთობებში დადებითი ფონი იქმნება და ურთიერთობების გაღრმავების და ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობაც არსებობს.
“ამ პოზიტიურ ფონზე, ხვალ იქნება ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრისა და სომხეთის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. დღის წესრიგი იქნება გაჯერებული,” – განაცხადა მან.
ექსპერტის აზრით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტისა და ქვეყნის რეაქციის შემდეგ ნათელი გახდება, მზად არიან თუ არა საქართველოში სომხეთთან ურთიერთობების გასავითარებლად.
“ჩემი ინფორმაციით, ფაშინიანმა, შესაძლოა, სამცხე-ჯავახეთიც მოინახულოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება “, – განაცხადა მელიქიანმა და დასძინა, რომ ჯავახეთში აქამდე მაღალი დონის ვიზიტები არ ყოფილა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021