საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

დღეს 3 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით,  “29 მაისს სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. ” შედეგად, საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.

“აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას”, – განაცხადა დავით დონდუამ.

დონდუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ფაქტს Twitter-ზე საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძეც გამოეხმაურა.

„საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, რუსეთის მიერ მანიპულირებული ასადის რეჟიმის მიერ, არის კიდევ ერთი უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმისა. ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს”, – წერს მიხეილ ჯანელიძე.

ოკუპირებელ აფხაზეთსა და დეფაქტო ცხინვალის მთავრობას ამჟამად აღიარებს რუსეთი, ვენესუელა,  ნიკარაგუა, ნაურუ და სირია.

Leave a Reply