Armenpress-ის ინფორმაციით, დილიჯანის საერთაშორისო სკოლის პირველი 2 წლის 200 კურსდამთავრებულთა შორის 35, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს, სომხეთში დაბრუნდნენ. სკოლის დამაარსებლის რუბენ ვარდანიანის განცხადებით, ისინი სკოლის სხვადასხვა პროგრამაში, მათ შორის, საქველმოქმედო პროექტებზე იმუშავებენ.
დილიჯანის საერთაშორისო სკოლა 2014 წლიდან მოქმედებს და გათვლილია 650 სტუდენტზე. ამჟამად, სკოლას მსოფლიოს 80 ქვეყნიდან 210 სტუდენტი ჰყავს, მათ შორის, თურქეთიდან, ირანიდან, პალესტინიდან, ჩილედან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან.
სტუდენტების 90% ნაწილობრივი ან სრული სტიპენდიით სწავლობს. 2018 წელს სკოლა დაამთავრა 104-მა სტუდენტმა მსოფლიოს 63 ქვეყნიდან, მათ შორის, 10% იყო ეროვნებით სომეხი. ამჟამად, UWC-ს 17 სკოლა და კოლეჯი აქვს 4 კონტინენტზე და უმეტესად 16-19 წლის ასაკის ჯგუფებზეა ორიენტირებული. UWC კოლეჯის სტუდენტებს არჩევენ ადგილზე სპეციალური ეროვნული კომიტეტის დახმარებით.