Latest posts by Aliq Media (see all)
6 მაისს, სომხეთში ქართულმა სათვისტომომ, ერევნის ქართულ-მართლმადიდებლურ ეკლესიაში გიორგობა აღნიშნა.
სადღესაწაულო წირვა ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე შკარბანენკომ აღავლინა.
“ქართველები განსაკუთრებულ პატივს სცემენ ამ დღესასწაულს. წმინდა გიორგი საქართველოს მფარველად გვევლინება, იგი ლოცულობს ქართველებისთვის და იფარავს განსაცდელთაგან. წმიდა გიორგი სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების, საქართველოს ძლევამოსილი გამარჯვების სიმბოლოა,” – წერია სათვისტომოს მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში.
მოგვიანებით ერევნის ეროვნულ უმცირესობათა კულტურის ცენტრში ქართულმა სათვისტომო „ივერიამ“ წმინდა გიორგის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნა.
გიორგობას ივერიელებთან ერთად საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ნინო აფციაური და სომხეთში საქართველოს ახლადდანიშნული კონსული სოზარ კვინჩია ესწრებოდნენ.
ნინო აფციაურმა მოკლე მიმოხილვა გააკეთა სათვისტომოს დაარსების, მისი პირველი პრეზიდენტისა და ივერიის ოცწლიანი საქმიანობის შესახებ და კონსულს გააცნო ივერიელები.
საქართველოს კონსულმა ივერიელებს გააცნო მის პროფესიონალურ სფეროში არსებული სიახლეები, უპასუხა ივერიელებისთვის საინტერესო შეკითხვებს და ივერიელებთან ნაყოფიერი ურთიერთ თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
ივერიის პრეზიდენტმა სვეტლანა ნამჩევაძემ ყველას მიულოცა გიორგობა. წმინდა გიორგის ცხოვრებისა და გიორგობის დღესასწაულის დამკვიდრების თემაზე მოკლე მოხსენება გააკეთა ივერიის ვიცე-პრეზიდენტმა ეთერი ცომაიამ. შეხვედრაზე აღინიშნა ივერიის საკვირაო სკოლის ფუძემდებლისა და პირველი მასწავლებლის, ქალბატონ მაყვალა გეურკოვა-სააკიანის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. სტუმრებს საკუთარი ლექსები, თარგმანები, სიმღერები წარმოუდგინეს საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა ლიანა სამადალაშვილმა და ნინო სპანდერაშვილმა. შეხვედრას საზეიმო ელფერი შემატა ვოკალური ანსამბლ „ციცინათელას“ (ხელმძღვანელი ნაირა ჭოველიძე) სიმღერებმა. შეხვედრაზე ასევე დაისახა „ივერიასთან“ და საკონსულოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.