Latest posts by Aliq Media (see all)
უკვე მეშვიდე დღეა სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები ყოფილი პრეზიდენტის და ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის ძალაუფლების გახანგრძლივებას აპროტესტებენ.
სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე „ალიქ მედია“ ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში გელა ვასაძესა და „კავკასიური სახლის“ დირექტორს გიორგი კანაშვილს ესაუბრა.
ვასაძის თქმით, საპროტესტო ტალღის აგორებას მხოლოდ სერჟ სარგისიანს არ უკავშირდება.
„მართალია სომხეთში ბევრია უკმაყოფილო, რომ ისევ სერჟ სარგსიანი დარჩა ხელისუფლების სათავეში, მაგრამ მისი პერსონა აქ არაფერ შუაშია. აქ საუბარია იმ სისტემაზე, რომელიც არსებობს სომხეთში, ხელისუფლების და არა მარტო ხელისუფლების პოლიტიკაზე. ხალხი ითხოვს რეფორმებს, ხალხი ითხოვს ცვლილებებს“.
გიორგი კანაშვილი კი მიიჩნევს, რომ საპროტესტო მუხტი მოსახლეობაში ხელისუფლების არაქმედითუნარიანობამ გამოიწვია.
„ამ ხელისუფლების პირობებში ვერ მოხდა იმ პრობლემათა გადაჭრა, რომელიც მოსახლეობას აქვს. აქ საუბარია სოციალურ ფონზე, ეკონომიკურ მდგომარეობზე, რაც თავისთავად აისახება მიგრაციის მაღალ დონეზე, უმუშევრობასა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გროვდება წლების განმავლობაში და პერიოდულად, როგორც ვაკვირდებით, ამოხეთქავს და გადაიზრდება ხოლმე სხვადასხვა მასიურ აქციებში,“ აღნიშნავს კანაშვილი.
სომხეთის უახლეს ისტორიაში საპროტესტო ტალღა პირველი არ არის. თუმცა როგორც კანაშვილი ამბობს, სხვა საპროტესტო გამოსვლებისგან განსხვავებით ამ აქციების მთავარი გამწევი ძალა ახალგაზრდობაა.
„ამ აქციებში ახალგაზრდები დომინირებენ, თვითონ პოლიტიკური პარტია და ნიკოლ ფაშინიანიც ახალგაზრდა ადამიანია, ანუ სომხეთში რასაც ჩვენ ვაკვირდებით მიუხედავად წინააღმდეგობებისა პოლიტიკური კლასი იწყებს განახლებას. იმედია ეს აქციები მშვიდობიან რეჟიმში გაგრძელდება იმიტომ, რომ როცა ძალადობა იწყება, შანსები, რომ პროცესები პოზიტიური მიმართულებით განვითარდეს ძალიან დაბალია,“ – ამბობს კანაშვილი.
რამდენად მოსალოდნელია დაუმორჩილებლობის აქციებმა სომხეთი რევოლუციამდე მიიყვანოს, ასეთი სცენარის განვითარებას გელა ვასაძე გამორიცხავს, მთავარ მიზეზად კი რუსეთს ასახელებს.
„ერევანში რევოლუციური სცენარი რამდენიმე მიზეზის გამო უნდა გამოვრიცხოთ; პირველი სომხეთში არ არის რევოლუციური სიტუაცია და მეორე – რუსეთი რევოლუციას არ დაუშვებს. რუსულ-სომხური მეხუთე სამხედრო კორპუსი, რომელიც ერევანთან დგას ყოველთვის მზად არის ჩაახშოს ნებისმიერი რევოლუცია. მათ ამის ყველანაირი რესურსი გააჩნია, როგორც ფინანსური ასევე სამხედრო. მაგრამ თუ მაინც მოხდა სერჟ სარგსიანის მოშორება ხელისუფლებიდან ეს იქნება არა რევოლუცია არამედ გადატრიალება“.
მიმდინარე აქციების რევოლუციაში გადაზრდას არც გიორგი კანაშვილი ელის.
„ამ ეტაპზე იქ არ იკვეთება ისეთი პიროვნება, როგორიც ვთქვათ 2011 წელს საქართველოში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ექნებოდა დიდი ფინანსური რესურსი და დაუპირისპირდებოდა სახელმწიფოს. არც ის იკვეთება, რომ დასავლეთი დგას ამ ყველაფრის უკან და აფინანსებს მათ. ამიტომ ოპოზიციის გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობის რაოდენობა იქნება ძალიან მაღალი და პარალელურად თუ შიგნით ხელიუფლებაში დაიწყება გარკვეული რღვევები,“- ამბობს კონფლიქტების ექსპერტი.
რა გავლენა შეიძლება იქონიოს სომხეთში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოზე გელა ვასაძის განცხადებით, ამ მოვლენებს პირდაპირი გავლენა მეზობელ ქვეყანაზე ვერ ექნება.
„თუ თქვენ მეზობელს რამე უსიამოვნება ან დაძაბულობა აქვს რა თქმა უნდა, ეს ჩვენზეც მოქმედებს, მაგრამ არ ვიტყვი რომ საქართველოსთვის ეს შეიძლება საბედისწერო იყოს,“ ამბობს ვასაძე.