ოქროს ოსტატი ტიგრანი

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, ძველი სომხური ეკლესიის წინ ოქრომჭედელი ტიგრანის სახელოსნო მდებარეობს. ოქრომჭედლობაზე არ უფიქრია,განათლება ერევანში მიიღო და ყანწების დამზადების ხელობა შეისწავლა.

„სამხატვრო ტექნიკუმში ჩემ გვერდით ასწავლიდნენ ოქრომჭედლობას, თავისუფალ დროს დავდიოდი მათთან სახელოსნოში ვუყურებდი და მეც ვსწავლობდი. აქედან დაიწყო ჩემი სამკაულებთან შეხება, თუმცა, იქ სპილენძზე მუშაობდნენ, ოქროზე მუშაობა საქართველოში დაბრუნების შემდეგ დავიწყე“.

41 წელია ოქროსგან ნივთებს ჭედავს, უყვარს თავისი საქმიანობა, მაგრამ ამბობს, რომ მარტო საქმის სიყვარული არ გაქცევს კარგ ოსტატად.

„ხელი, გული და ტვინი, ეს კომბინაცია ქმნის ყველაფერს. მხოლოდ ხელით არაფერი კეთდება თუ ტვინმა არ მისცა ბრძანება. მარტო სიყვარულიც არაა საკმარისი, ამის გარდა ნიჭი უნდა გქონდეს ღმერთის მიერ ბოძებული“.

თითქმის ყველა ლითონზე მუშაობს. „მნიშვნელობა არ აქვს რაზე ვიმუშავებ, რამდენიც გინდა იცხოვრო ადამინი სულ სწავლობ, ამიტომ ყველაფრის კეთება მიყვარს“.

გადაწყვეტილი აქვს ხელობა შვილიშვილს შეასწავლოს, რადგან შვილმა უარი თქვა მის საქმიანობას გაჰყოლოდა. „იცის ხელობა და კარგადაც გამოსდის, მაგრამ არ უნდა, ძალით კი ვერ დავსვამ და ვაკეთებინებ ამ საქმეს“.

სახელოსნოში მარტო მუშაობს, ამაყობს რომ მისი რამდენიმე მოწაფე სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობს.

„ორი მაგალითად ამერიკაში არის წასული, ერთი ისეთიც მყავდა ჩემზე უკეთ გამოსდიოდა რაღაცეების კეთება. დღეს  სოჭში ცხოვრობს და კერძო შეკვეთებზე მუშაობს, გახარებული ვარ, რომ ჩემმა მოწაფემ ამდენს მიაღწია“.

სამკაულის ესკიზებს ხშირად ხატავს, თუმცა საკუთარი დიზაინით მხოლოდ ოჯახის წევრებისა და ნათესავებისთვი ქმნის.

„რომ დავჯდე რაღაცა გავაკეთო, დიდი დრო უნდა დავხარჯო, შეიძლება კარგიც გამოვიდეს, მაგრამ მაინც არვინ დააფასებს. მე ადამიანებთან ურთიერთობა მსიამოვნებს. მიყვარს როცა პირადად მაძლევენ შეკვეთას, როცა მთელ გულს ვდებ მის გაკეთებაში და კლიენტის კმაყოფილ სახეს ვუყურებ“.

ოქროს ოსტატი ტიგრანი ყველა ნივთზე დღემდე ხელით მუშაობს და წუხს, რომ ამ დროში ხარისხს აღარავინ აქცევს ყურადღებას.

„კლიენტს ისეთ ნივთს არ შევთავაზებ, რომელიც ერთ წელიწადში გაფუჭდება. მაგრამ დღეს 80 პროცენტი ასეთი სამკაულები იყიდება, ეხლა  მთავარია ლამაზი დიზაინი ჰქონდეს, სულ არ უყურებენ, როგორ არის ის ნაკეთები, არადა მხოლოდ სილამაზეს არ უნდა ექცეოდეს ყურადღება, ხარისხი უპირველესია,“- ამბობს ოსტატი.

Leave a Reply