Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის ახალმა პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა, 9 აპრილს, საპრეზიდენტო ფიცი დადო. პრეზიდენტის პოსტზე მან სერჟ სარგსიანი ჩაანაცვლა. 2015 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, პრეზიდენტს ერთი ვადით, შვიდი წლით ირჩევენ.
პრეზიდენტის ინაუგურაცია ერევნის კ.დემირჭიანის სახელობის საკონცერტო-სპორტულ კომპლექსში მოწვეულ ეროვნული კრების სპეციალურ სხდომაზე გაიმართა. სხდომა ეროვნული კრების თავმჯდომარე არა ბაბლოიანმა გახსნა. ინაუგურაციისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოდან მოიტანეს კონსტიტუციის სპეციალური ნიმუში და მატენადარნში დაცული მე-7 საუკუნის წმინდა ბიბლია.
სომხეთის მეოთხე პრეზიდენტმა ფიცი დადო და სომხეთის მოქალაქეებს კეთილდღეობისა და ეროვნული ერთიანობის განმტკიცების პირობა მისცა.
“მე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვფიცავ ვიყო სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთგული, ვიყო მიუკერძოებელი ჩემი უფლებამოსილების განხორციელებისას, ვიხელმძღვანელო მხოლოდ საერთო სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესებით და მთელი ჩემი ძალისხმევა მივმართო ეროვნული ერთიანობის განმტკიცებისკენ”, – განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა.
საზეიმო ცერემონიას, დაახლოებით, 1300 ადამიანი ესწრებოდა. ინაუგურაციაზე არ იყვნენ ჟურნალისტები. მათთვის პარლამენტში შეიქმნა სპეციალური პირობები, საიდანაც თვალს ადევნებდნენ ცერემონიას. 1991 წლიდან, ეს იყო პირველი ინაუგურაციის ცერემონია, სადაც ჟურნალისტები არ დაუშვეს.
პარლამენტის მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპერტამენტის უფროსის არსენ ბაბაიანის განცხადებით, პარლამენტიდან ინაუგურაციის გაშუქების საშუალება 53 წამყვან მედიასაშუალებას მიეცა.
ინაუგურაციის დღეს სომხეთის პრემიერის, კარენ კარაპეტიანის განცხადებით, მმართველი რესპუბლიკური პარტია პრემიერის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.
პარლამენტი ქვეყნის ახალ პრემიერს 17 აპრილს აირჩევს.
ნინო სპანდერაშვილი