Latest posts by Aliq Media (see all)
დღეს, მთელი საქართველოსათვის ძალიან დიდი თარიღია – 1989 წლის 9 აპრილი. ეს დღე მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ქართულ კონტექსტში, არამედ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მთელი საბჭოთა იმპერიის დანგრევისათვის და ამისათვის რამდენიმე მთავარი ელემენტი იყო. პირველი – 9 აპრილის აქციაზე მთავარი მოთხოვნა იყო არა ვიწრო ეთნიკური საკითხი და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მთლიანად ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ უარი თქვა ჩვეულ “ძალის პოლიტიკაზე” და მაჰათმა განდის მიერ დანახულ არაძალადობის გზას გაყვა.
გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების დიდი გამჭრიახობა იყო, რომ ისინი 1989 წლის აპრილის აქციებზე ასცდნენ ვიწრო ეთნო-ცენტრიზმს. აპრილის დასაწყისში აგორებული აქციების რიგი სულ სხვა მიმართულებით აპირებდა წასვლას – კერძოდ ლიდერების ერთი ჯგუფი აყენებდა აფხაზეთის თემაზე გამოსვლის საკითხს. მათი არგუმენტი იყო, რომ ეს შედარებით ზომიერი თემაა და კრემლი ამას უფრო გაგებით შეხვდება და შეიძლება მოთხოვნა დააკმაყოფილოს კიდეც. ამის საწინააღმდეგოდ, გია ჭანტურიამ, ზვიად გამსახურდიამ, მერაბ კოსტავამ, ირაკლი წერეთელმა და სხვა ლიდერებმა გადაჭრით დასვეს აპრილის აქციებზე დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხი. იმ დროისთვის ეს თითქოს ფანტასმაგორიული მოთხოვნა იყო. პირდაპირი მნიშვნელობით არავის სჯეროდა, რომ კრემლი ამ მოთხოვნას დაგვიკმაყოფილებდა.
როდესაც საგაფიცვო კომიტეტები შეიქმნა, მაშინ ძალიან რთული იყო ქარხნების მუშების დარწმუნება იმაში, რომ საქართველოს საბჭოთა იმპერიიდან გამოყოფის მოთხოვნას შეიძლებოდა მუშების და გლეხების კლასი აჰყოლოდა. ასე ჩანდა ჯერ კიდევ აპრილის 3-ში ან -4-შიც კი. თუმცა, მოხდა დაუჯერებელი. გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა საკუთარი ქარიზმის და ორგანიზებულობის წყალობით მოახერხეს ხალხის მასიურად გამოყვანა სამუშაო ადგილებიდან. პირველ რიგში ეს მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და გია ჭანტურიას დამსახურება იყო – რა თქმა უნდა, სხვა ლიდერებთან ერთად. ამ შემთხვევაში ისინი იყვნენ გამათავისუფლებელი მოძრაობის “რადიკალური” ფრთის წამყვანი ლიდერები. ირაკლი წერეთელი და ირაკლი ბათიაშვილიც არ უნდა დაგვავიწყდეს მათთან ერთად და გია ჭანტურიას მეუღლე, ირინა სარიშვილი. “ლიბერალები” მახსოვს სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ დამოუკიდებლობის საკითხის დაყენების, იმ არგუმენტით, რომ ამ მოთხოვნას კრემლი არანაირად არ შეისმენდა და ამ ბრძოლასაც და შემდეგ გამათავისუფლებელ ომსაც წავაგებდით ამ რადიკალური მოთხოვნის დაყენებით. დღევანდელი გადმოსახედიდან კარგად გამოჩნდა, რომ “ლიბერალური” ეთნო-არგუმენტები მცდარი იყო და რადიკალური არგუმენტი ბევრად უფრო კარგად გააზრებული. ეთნიკური მომენტებიდან ყურადღების გადატანამ თავისუფლების საკითხზე ბევრი მომხრე შესძინა საპროტესტო მოძრაობას სხვადასხვა ადგილებში – ჩამოდიოდნენ დელეგაციები სომხეთიდან, აზერბიაჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბალტიის სახელმიფოებიდან, ყველას აინტერესებდა რამდენად შესაძლებელი იყო “პერესტროიკის” პირობებში ამ მოთხოვნის დაყენება.
დამოუკიდებლობის მოთხოვნამ შექმნა სოლიდარობის სული, რომელიც სცდებოდა ეთნიკურ პოლიტიკას, და ამიტომაც შესაძლებელი შეიქმნა საკმაოდ ძლიერი საგაფიცვო მოძრაობის აგორება. ადგილობრივი კომუნისტური პარტიის ცეკას კადრები შეშფოთებულები იყვნენ მოვლენების ამგვარი განვითარებით, არავინ მოელოდა რომ გორბაჩოვის “გახსნილობის” პოლიტიკა დეკოლონიზაციის მოთხოვნებში გადაიზრდებოდა. ეს იყო ძალიან დიდი გარღვევა. ერთი მხრივ, ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მოძრაობა, მაგრამ მეორე მხრივ, ყველა სხვა საბჭოთა “რესპუბლიკას” შეეძლო ამ პროტესტში დაენახა საკუთარი განთავისუფლების პერსპექტივები. “თავისუფლების” ისევე როგორც “თანასწორობის” იდეა უნივერსალური იდეაა და მასთან ზიარება აახლოებს ქართველს, სომეხს, აზერბაიჯანელს, რუსს, უკრაინელს, ლატვიელს თუ ესტონელს, და არა მხოლოდ მათ. ამიტომაც, როდესაც რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაიკეტა – ამ უნივერსალური იდეის მხარდასაჭერად მოვიდნენ წარმომადგენელები სხვდასხვა პროფესიული და კლასობრივი ჯგუფებიდან. ამ შემთხვევაში ეთნიკურ-რელიგიური ბექგრაუნდი არანაირ როლს არ ასრულებდა. მერაბ კოსტავას და მისი თანამებრძოლების მთელი სიბრძნე იმაში იყო, რომ მათ მონახეს კრიზისიდან გამოსვლის უნივერსალისტური და პარტიკულარისტული გზა. ეს იყო დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, რომელიც არა მხოლოდ ქართველებს ჰქონდათ.
მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, საგაფიცვო კომიტეტს ჰქონდა კარგად ორგანიზებული არაძალადობრივი ბრძოლის სტრატეგია. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა – ორივე მათგანი – მაჰათმა განდის მიდევრები იყვნენ და პროტესტების დროსაც კი მათ განდის წიგნები უბის წიგნაკებივით დაჰქონდათ. საბოლოო ჯამში, ტაქტიკურმა ხედვამ განაპირობა ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა იმპერიამ პირველი მნიშვნელოვანი დამარცხება იგემა. საბედნიეროდ, იმ დროისათვის უკვე შესაძლებელი იყო ბევრი მოვლენის ფირზე გადაღება. გოგა ხაინდრავამ და რამდენიმე სხვა კინო-ოპერატორმა მოახერხეს, რომ გადაეღოთ ამ აქციის დარბევის კადრები და სწორედ ამ დარბევის დროს იგემა ყველა მწარე დამარცხება საბჭოთა უძლეველმა სამხედრო მანქანამ. ისევე როგორც მაჰათმამ ერთი წვეთი სისხლის დაღვრის გარეშე დაშალა მსოფლიოს იმდროინდელი ყველაზე ძლიერი იმპერია, 1989 წლის 9 აპრილი შეიძლება ჩაითვალოს ბოლშევიკური იმპერიის დასასრულის დასაწყისად. საოცრება იყო იმის დანახვა, თუ როგორ მოუგეს ბრძოლა შეუიარაღებელმა ქალებმა მსოფლიოში სახელგანთქმულ ტანკების არმადას და როგორ შეირცხვინა თავი იმპერიამ, როდესაც შეუიარაღებელ ადამიანებს ნიჩბებით და მომწამვლელი გაზით მოუსწრაფა ცხოვრება. მოქმედების არაძალადობრივმა მეთოდმა უნივერსალურ მოთხოვნასთან ერთად შეუძლებელი შეძლო – 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველო გამარჯვებული გამოვიდა – დავითმა სძლია გოლიათს. ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს გამარჯვება – ეს იყო სომხების, აზერბაიჯანელების, უკრაინელების, რუსების, ლიტველების, ესტონელების, ბელორუსების და სხვების გამარჯვებაც. თავისუფლება, ისევე როგორც თანასწორობა – არ შეიძლება იყოს მხოლოდ ქართველის, რომაელის, რუსის, ამერიკელის თუ ალჟირელის – ის ზოგადსაკაცობრიო იდეაა. ასევეა არაძალადობაც. მაჰათმა განდიც იქ იყო იმ ღამეს – რადგან სწორედაც, რომ მისი გზით გაიმარჯვა დეკოლონიზაციამ საბჭოთა იმპერიაში, ისევე როგორც ბრიტანეთის იმპერიაში.
დღეს, ბევრი ლაპარაკია იმაზე თუ როგორ მოხდა ის, რომ ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა მაშინ მოახერხეს ასეთი დაუმარცხებელი მტრის ძლევა. პასუხი ძალიან მარტივია- 1989 წლის 9 აპრილის 4 საათზე თავისუფლებისთვის მებრძოლებმა ტანკებს დაუპირისპირეს სიმღერა, ცეკვა და საკუთარი სულის დაუოკებელი სწრაფვა თავისუფლებისკენ და თანასწორობისკენ. ეს იყო მაჰათმას გზა – ეს იყო მერაბის და მისი თანამებრძოლების გზა და ეს არის ერთადერთი სწორი გზა გამარჯვებისკენ.
და როდის დავმარცხდით ჩვენ? როდესაც მაჰათმას გზიდან გადავუხვიეთ. პოლიტიკურ მეცნიერებაში მაჰათმას გზა ხომ იგივე ქრისტეს გზაა. როგორც კი უნივერსალურმა იდეამ ეთნო-ცენტრიზმს დაუთმო გზა და როგორც კი არაძალადობა შეიარაღებულმა რაზმებმა ჩაანაცვლეს – დაიწყო ჩვენი დამარცხებების დიდი სერია, რომელიც დღემდე გრძელდება.
იმედია, ქართული საზოგადოება კარგად გაიხსენებს 1989 წლის 9 აპრილს და იმდროინდელი ლიდერების სიბრძნეს და ახლაც არარსებულ თავისუფელბას და თანასწორობას, სწორად მაჰათმას, ტოლსტოის, მერაბის, ზვიადის, გიას გზით მოიპოვებს.
საქართველო ხომ ნიკოლოზ ბარათაშვილის, იეთიმ გურჯის, საიათნოვას ქვეყანაა.
ავტორი: ირაკლი კაკაბაძე