Latest posts by Aliq Media (see all)
“ალიქ მედია” იწყებს ციკლს საბჭოთა იმპერიის დაშლის დასაწყისზე. იმ ეპოქაზე, როდესაც საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მიზნით საპროტესტო მოძრაობები დაიწყო და მასში მონაწილე ახალგაზრდებზე. იმ თაობის იმედებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლას დიდი აღტაცებით ელოდა. როგორ ხედავდნენ დემოკრატიას მაშინ და რას ფიქრობდნენ თავისუფალ ბაზარზე? მწერალი და პუპლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც 80-იანიების ბოლოს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო გაგვიზიარებს თავის შეხედულებებს და გამოცდილებას, მაშინდელ წინააღმდეგობრივ მოძრაობებსა და ეთნონაციონალიზმზე.
გორბაჩოვის და შევარდნაძის რეფორმებმა თავისუბური მოლოდინები მოიტანა 1980-იანი წლების ბოლოს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პერიოდი იყო “ცივი ომის” პროპაგანდისტული შეჯიბრის ბოლოს და აქედან გამომდინარე შექმნილი იყო საკმაოდ საინტერესო და ხშირად ყალბი იმიჯებიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ცხადია, რომ საბჭოთა სისტემა უკვე აღარ მუშაობდა – პირველ რიგში ამის მიზეზი ის იყო, რომ “დიალექტიკური მატერიალიზმი” გადაიქცა “მომხმარებლურ მატერიალიზმად” და 1980-იანი წლების დასაწყისისათვის უკვე მთელს აღმოსავლეთ ევროპაში ნახავდით საბჭოთა ტურისტების კარიკატურებს უამრავი ჩანთით ხელში, სადაც თითქმის ყველა ტიპის სამომხმარებლო საგანი იყო მოთავსებული. საბჭოთა დოგმატურმა “დიამატმა” – ასე ვუწოდებდით უნივერსიტეტში დიალექტიკურ მატერიალიზმს – მომხმარებლობის მასშტაბებით დასავლეთს ბევრად გადააჭარბა და შექმნა “მატერიალური სამოთხის” მოლოდინი. საბჭოთა იდეოლოგია ხომ ამ “კომუნისტურ სამოთხეს” რეალურადაც წინასწარმეტყველებდა. ამიტომაც, მოსახლეობის ფართო მასები უკვე 1960-იანი წლებიდან “დაგროვება-მოხმარების” რეჟიმში გადავიდნენ. ინტელექტუალური ელიტები კი იმ პერიოდში ფრანკფუტის და ფრაიბურგის ფილოსოფიური სკოლების ნაწარმოებებით ტკბებობდნენ და ბურჟუაზიის კრიტიკის მაგივრად “საბჭოთა ბურჟუას” აკრიტიკებდნენ სინამდვილეში;
1960-იან წლებში ძალიან საინტერესო და ნიშანდობილი იყო ჟან პოლ სარტრის ვიზიტები საბჭოთა კავშირში. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს ის “კონსპირაციულ ბინაზე” ახალგაზრდა საბჭოთა ჰუმანიტარებს შეხვდა – მათს შორის მამაჩემიც იყო. საინტერესო ისტორია ისაა, რომ ამ საუბრის დროს საბჭოთა სისტემის დამცველად უფრო სარტრი გამოდიოდა, ვიდრე თვითონ საბჭოთა სტუდენტები. ყველას ყელში ჰქონდა ამოსული ტოტალიტარული სისტემა და ნივთების უკმარისობა. თუმცა, ამავე დროს უნდა ითქვას, რომ 1960-70-იან წლებში საბჭოთა კავშირში და კერძოდ, კავკასიაში საკმაოდ მაღალი ხარისხის ხელოვნებისა და ფილოსოფიის ნაწარმოებები იქმნებოდა. შემოქმედებითი ცხოვრება სერიოზულად მიდიოდა წინ, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი – ყველა ელოდებოდა სისტემის ბოლოს. ამ სისტემის ბოლოს ელოდებოდა არა მხოლოდ ინტელექტუალური ელიტა, არამედ თვით პარტ-ნომენკლატურაც. ცნობილია იური ანდროპოვის ნაწერებიც ამ ხანებში; პარადოქსი ის არის, რომ საბჭოთა კავშირის პირობებში ყველა ნამდვილ ბურჟუებად სწორედაც, რომ საბჭოთა პარტიული და უშიშროების ელიტის წევრები წარმოჩინდნენ და მათ დღემდე საკმაოდ სერიოზული ფინანსუირ პოზიციები აქვთ – თავის კოლეგა კომკავშირლებთან (ახალგაზრდა კომუნისტური პარტიის წევრები) ერთად.
მაშინ, როდესაც ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში ჯერ კიდევ სწამდათ ადამიანების თანასწორობის იდეების, საბჭოთა კავშირში ამაზე უკვე თითქმის ყველამ ხელი ჩაიქნია. 1960-იანი წლებიდან კიდევ ერთი საინტერესო მაგალითის მოყვანა შეიძლება, ცნობილი იტალიელი ბირთვული ფიზიკოსი, ბრუნო პონტეკორვო თავის საბჭოელ მეგობრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს უყურებდა 1964 წელს, რომელშიც ერთმანეთს ხვდებოდნენ საბჭოთა კავშირის და ფრანკოს მიერ მართული ესპანეთის ნაკრები გუნდები. პარადოქსი იმაში იყო, რომ იტალიელი პონტეკორვო საბჭოთა კავშირს უჭერდა მხარს და საბჭოელი კომუნისტები კი ფრანკოს ესპანეთს და ამასაც თავისი ღრმა სოციალური მიზეზები ჰქონდა. ბოლშევიკურმა “წითელმა ტერორმა” და “წითელი ელიტების” უსაზღვრო ბატონობამ ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა მოამწიფა ინტელექტუალურ ელიტაში და ეს ელიტა მზად იყო თვით ფრანკოსთვისაც კი დაეჭირა მხარი თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემოდა.
გამოიკვეთა, რომ “საბჭოთა ბურჟუაზია” თავისი არსით კიდევ უფრო რეაქციული იყო, ვიდრე დასავლური ნაწილი. თუ დასავლეთში ამ დროს “აფირმატიული აქციის” და “დიდი საზოგადოების” პროგრამები გადიოდა და ხდებდა ნამდვილი სოციალური პროგრამების დამკვიდრება, საბჭოთა ბურჟუაზია ყველა შესაძლებლობას იყენებდა საკუთარი გამდიდრებისათვის. 1980-იანი წლებისათვის ეს კარგად ჩამოყალიბებული სურათი იყო. მოსკოვში “ინტერ-კონტინეტანლ – ჰამერ ცენტრის” სასტუმრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული “არასოციალისტური” დროსტარების ადგილი ყველა ჯურის საბჭოთა და არასაბჭოთა ელიტებისათვის. მომსახურებაში შედიოდნენ უკვე კარგად ჩამოყალიბებული საბჭოთა “პუტანკების” კლასი – რომელთა საბაზრო ღირებულება მაშინდელი ნიშნულებით საკმაოდ მაღალი იყო. ქუჩაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება პრესტიჟული სულ არ იყო – ელიტური ნაწილი კერძო ავტომობილებით სარგებლობდა მცირე გამონაკლისების გარდა. დასავლურ კაპიტალიზმზე ნელ-ნელა შეიქმნა წარმოდგენა, როგორც “ამქვეყნიურ სამოთხეზე”, რომელიც ადამიანის ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და ცოტა ხანში ლამისაა სიკდილსაც დაამარცხებს. ახალგაზრდები ყვენალაირად ცდილობდნენ “გაქცეულიყვნენ” დასავლეთში და 1970-იან წლებში უკვე დიდი ემიგრაციის ნაკადმა დატოვა საბჭოთა კავშირი. ფარცოვშიკობა ანუ გადამყიდველობა საკმაოდ სარფიან პროფესიად იქცა. “გასაქონლებული დემოკრატია” – ანუ “კომოდიფიცირებული ლიბერალიზმი” საბჭოთა კავშირში 1988 წლამდე დიდი ხნით ადრე შემოვიდა. ეს პროცესი ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ჰერბერტ მარკუზე “ერთ განზომილებიან ადამიანზე” წერდა (One Dimensional Man) – პარადოქსული იყო და ამ შეშინებული და გაპრიმიტივებული ბიურგერის ნახვა საბჭოთა კავშირის ძეხვის რიგებში უფრო ადვილად შეიძლებოდა, ვიდრე თვით ფრანკფურტში ან თუნდაც ვენაში. “კომოდიფიკაციამ” მოიგი ცივი ომის კიდევ ერთი ნაწილი – საბჭოთა ხალხი მზად იყო თავისი (არარსებული) იდეალები გაეყიდა “ლევი სტროსის” ან უარეს შემთხვევაში “ვრანგლერის” ჯინსის ერთ ან ორ წყვილში.
ჩვენ კი თავისუფლებას ველოდებით 1988 წელს. მე კარგად მახსოვს ,1988 წლის 26 მაისს ერთ-ერთი პირველი შედარებით მცირერიცხოვანი მიტინგი გაიმართა საქართველოს დამოუკიებლობის 70 წლის აღსანიშნავად. იქ წასვლა სასტიკად იკძრალებოდა და სწორედ ამიტომაც იქ წავიდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა. ჩვენ მაშინ ერთი პატარა ჯგუფი გვქონდა შექმნილი: კინორეჟისორი გიო მგელაძე, მუსიკოსი ელიზბარ მუჯირი, მწერალი რეზო თაბუკაშვილი, ფილოსოფოსები გიორგი მარგველაშვილი და დიმიტრი მამულია, თეატრის მსახიობი გოგა თავაძე, ინჟინერი ალიკა არუთინოვი, ასევე კინორეჟისორი გიორგი ჭიჭინაძე, ისტორიკოსი და მერე ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, გეოლოგი და პოეტი ლევან ვასაძე, ვერელი ვიზუალური ანთროპოლოგი პაატა ვარდოსანიძე, და ასე შემდეგ. 1988 წელს გაზეთ ‘თბილისში’ დაიბეჭდა ამ ჯგუფის რამოდენიმე წარმომადგენლის სურათი – მაგრამ მინდა ვთქვა რომ იმ სურათში ამ ჯგუფის ნახევარიც არ იყო აღბეჭდილი. “თბილისის” მაშინდელმა რედაქტორმა, არჩილ გოგელიამ მოინდომა, რომ ამ ახალგაზრდებისათვის კრიტიკული ინტერვიუ ჩამოერთვათ – მაშინ თუ არ ვცდები ჟურნალისტები იყვნენ ხათუნა მაისაშვილი, მაია გოგოლაძე და ირაკლი ბერიანიძე. ამ ინტერვიუს გასვლის შემდეგ დაიწყო სატელეფონო ზარების ნამდვილი შტურმი. იმავე თვეს აუდიენციაზე აღმოვჩნდით კათალიკოს პატრიარქთან, მიგვიღეს ქართული ორდენოსანი ინტელიგენციის წარჩინებულმა წევრებმა და ყველა ცდილობდა, რომ საკუთარ იდეოლოგიურ ბანაკში გადავეყვანეთ ეს “ნედლი მასალები”. საინტერესო გამოცდილება იყო ნამდვილად. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ საბჭოთა იდეოლოგია, ცხადია არავის მოგვწონდა – მაგრამ მისგან განსხვავებული მდგრადი იდეა ამ ჯგუფებიდან თითქმის არავის ჰქონდა.
რა მისია უნდა შეესრულებინა საქართველოს დამოუკიდებლად გახდომის შემდეგ? გვქონდა კი ჩვენ, როგორც ერს ეს მისია?
ამაზე არცერთი ჯგუფი – თითქმის არცერთი მათგანი არ ლაპარაკობდა. თუმცა ამაზე ქართველი ფილოსოფოსები და მოაზროვნეები მანამდე წერდნენ კიდეც – მაგრამ 1988 წელს ამის შესახებ წარმოდგენა პრაქტიკულად არავის ჰქონდა. ვიწრო ნაციონალიზმის და რელიგიური ფუნდამენტალიზმის გარდა – ეს იდეები ბუნებაში არ იყო მოცემული.
იყო ორი ჯგუფი, რომელმაც 1990 წლისთვის მაინც დადო საერთო ჰუმანისტური ხედვა. ეს იყო ზვიად გამსახურდია, მის მრგვალ მაგიდასთან ერთად, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო “საქართველოს სულიერი მისია”, როგორც ერთგვარი ხიდისა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო გამსახურდიამ ამ ფილოსოფიის აღსრულება ვერ მოახერხა – დოკუმენტი კი დადო, სადაც ნათლად იყო წარმოჩენილი ეს იდეა. და იყო მეორე ჯგუფი, მწვანეების მოძრაობა, რომელსაც იმ დროს ზურაბ ჟვანია, ნაირა გელაშვილი და ახალგაზრდა სუფთა ენთუზიასტები მეთაურობდნენ. მათაც დადეს “მშვიდობიანი კავკასიის” თავისი ვერსია. სხვათა შორის, მწვანეთა გაერთიანებული დოკუმენტი ქართველი და სომეხი გარემოს დამცველების ერთობლივი კოლაბორაციის შედეგი იყო. მას მერე აზერბაიჯანელებიც შეუერთდნენ, რომელთა ლიდერიც მერე საეჭვოდ მოკლეს. სამწუხაროდ, არც ამ დოკუმენტს ეღირსა განხორციელება.
ყველა დანარჩენი იდეა, რომელიც ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა, ძალიან რეაქციული და კატასტროფული შედეგის მომტანი იყო. ზუსტად ისეთი შედეგისა, რომელიც მოიტანა. ისევ და ისევ – ამ იდეების ძირში ფრანგული წარმოშობის Patria ნაციონალიზმი იდგა. ისევე როგორც ევროპაში, 1930-იან წლებში ამ იდეამ გამოიწვია ეროვნული კანიბალიზმი – სამხრეთ კავკასიაშიც ჩვენ ვნახეთ, მართალია უფორ მცირე მასშტაბის, ერთაშორისი კანიბალიზმი ლიბერალური დემოკრატიის სახელით.
ავტორი: ირაკლი კაკაბაძე