Latest posts by Aliq Media (see all)
2018-19 სასწავლო წელს 1+4 პროგრამას აკრედიტაციის ვადა ეწურება. სახელმწიფო უნივერსიტეტები ვალდებულები არიან განახლებული პროგრამები აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს წარუდგინონ.
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2010 წელს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხარისხის გაზრდის მიზნით შექმნა, უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გამარტივებული წესით ჩააბარონ. გამარტივებული სისტემა, ე.წ. 1+4 პროგრამა ითვალისწინებს, ზოგადი უნარების გამოცდის სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ ან ოსურ ენებზე ჩაბარებას და შემდგომ ერთი წელი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას. ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში 100 სომხურენოვანი და 100 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტი ფინანსდება.
პროგრამის წარმატებით დასრულებისა და სერტიფიკატის მიღების შემდეგ სტუდენტები დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე განაგრძობენ სწავლას სასურველ სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სტატისტიკის მიხედვით, 2010 წელს პროგრამაზე 247 სტუდენტი ჩაირიცხა, 2017 წელს კი მათი რაოდენობა 1047-მდე გაიზარდა.
რევიკ კარაპეტიანი, რომელიც 1+4 პროგრამით თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს, აღნიშნავს რომ ენის ცუდად ცოდნა, ან სრულებით არცოდნა ეთნიკური უმცირესობებისთვის სერიოზული პრობლემაა.
„ენის არ ცოდნის გამო ნინოწმინდაში ინფორმაციული ვაკუუმია, არც კი იციან რა ხდება ქვეყანაში. ამიტომ გადავწყვიტე ჩამებარებინა მოსამზადებელ პროგრამაზე, მესწავლა მშობლიური ენა და მიმეღო უმაღლესი განათლება,“ – ამბობს რევიკი.
კარაპეტიანი 1+4 პროგრამის შექმნას დადებითად აფასებს, თუმცა საუბრობს იმ ხარვეზებზე, რომელზე რეაგირებაც, პროგრამის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია.
„4 წლის წინ ხარვეზები ბევრი იყო. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო უნარების გამოცდა, რომელიც ძალიან მარტივია, უმჯობესია თუ ქართული ენის ცოდნის დონესაც მიექცევა ყურდღება. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ვინც სწავლობს იქ არ გრძნობს თავს სტუდენტად, როგორც სკოლის მოსწავლეები ისე არიან. გვქონდა ცარცი და დაფა. პროფესიონალიზმი იქ უფრო ნაკლებად იგრძნობა.“, -აცხადებს კარაპეტიანი.
ხარვეზების არსებობას არ უარყოფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.
„ყოველ წელს ვახდენთ პროგრამის მონიტორინგს, მათ შორის, სტუდენტებთან და ლექტორებთან გასაუბრების გზით. ხარვეზები რა თქმა უნდა არსებობას, მაგრამ ვცდილობთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. სტუდენტთა რაოდენობის ზრდა კი მიანიშნებს, რომ ხარისხიც იმატებს და სტუდენტთა ინტერესიც,“ ამბობს დარსალია.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კურსდამთავრებულები ყურადღებას ამახვილებენ, დროის ნაკლებობაა. ენის სწავლების ერთწლიანი პროგრამა ხშირად ყველა სტუდენტისთვის საკმარისი არ არის.
თუმცა, პროგრამის ერთ-ერთ მონაწილე, გულია ავეტისოვი, სხვაგვარად ფიქრობს.
„ვისაც უნდა ენის შესწავლა ამ ერთ წელშიც ისწავლის, მარტო აქ კი არა სახლშიც იმეცადინებს. შეიძლება ვინმემ ჩემზე ცუდად იცის ქართული თუმცა სწავლის პროცესს ეს ხელს სულაც არ უშლის. ერთმანეთს ვეხმარებით და ყოველდღე ვსწავლობთ რაღაც ახალს,“ აღნიშნავს იგი.
აკრედიტაციის ვადა თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასაც გასდის. კახა გაბუნია, რომელიც ამ პროგრამის ხელმძღვანელია ცვლილებებზე საუბრობს.
„ახალ პროგრამაში გაწერილი გვაქვს ყველა ის ცვლელება, რომელიც არაოფიციალურად უკვე გავატარეთ და სტუდენტები ძალიან კმაყოფილნი არიან. ამის ხმამაღლა თქმა გვიჭირს, მაგრამ ხშირად აბიტურიენტს A1-ზე დაბალი დონე აქვს. აი მაშინ კი ერთ წელში წარმოუდგენელია ენის შესწავლა. ამიტომ სტუდენტების დაჯგუფება ენის ცოდნის მიხედვით მოხდება, რომელსაც პრეტესტის მეშვეობით განვსაზღვრავთ,“ – ამბობს გაბუნია.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც აკრედიტაციის გავლის შემდეგ პროგრამის ბენეფიციარებს შეეხებათ შერეული ჯგუფებია.
„გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ცალ-ცალკე პროგრამების არსებობა ხელს არ უწყობს ინტეგრაციას. მართალია, ეს ოფიციალურად არსად წერია, თუმცა ჩვენ დავნერგეთ ასეთი პრაქტიკა პირველ სემესტრში მათ ვიღებთ ცალ-ცალკე პროგრამებზე, შემდეგ სემესტრში კი საგნობრივი მიმართულებით ვაჯგუფებთ,“-განაცხადა გაბუნიამ.
აკრედიტაციის ვადის ამოწურვამდე, წინ, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებია. ლაშა დარსალიას განცხადებით, სამინისტრო რეგულარულად ატარებს საინფორმაციო სახის შეხვედრებს, რათა მაქსიმალურად მოხდეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირება.
„ჩვენ გვყავს წარმომადგენლები რეგიონებში, ძირითადად, სამხრეთ საქართველოში, სადაც მათ მიერ ხდება აბიტურიენტებისთვის 1+4 პროგრამაზე სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება “,-ამბობს დარსალია.